2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის შვილობილი Wizz Air Malta ვენეციასა და ქუთაისს შორის გაზრდილი სიხშირით იფრენს.
15 მაისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ავიაკომპანია ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის საჰაერო ხაზზე ფრენებს დაამატებს ყოველ პარასკევს. შესაბამისად, რეგულარული რეისები შესრულდება კვირაში 3 სიხშირით - ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და შაბათს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air Malta-ს გაზრდილი სიხშირით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 7 აპრილს მიენიჭა.
ვენეცია - ქუთაისი - ვენეციის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. ამ დროისათვის, ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოდან 24 ევროპული მიმართულებით ოპერირებს.
ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.