Visual Capitalist-მა, 2025 წლის AI-ინდექსის ანგარიშზე დაყრდნობით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში (2013-2024) ხელოვნურ ინტელექტში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით ქვეყნების სია შემოგვთავაზა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ პერიოდში კერძო ინვესტიციების უდიდესი წილი აშშ-ზე მოდიოდა — 471 მილიარდი აშშ დოლარი. მხოლოდ 2024 წელს ამ მიმართულებით აშშ-ში 109 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო.

ხაზგასასმელია, რომ 2013-2024 წლებში აშშ-ის მიერ ნაჩვენები შედეგი დანარჩენი მსოფლიოს ჯამურ ინვესტიციას (289 მილიარდი აშშ დოლარი) მნიშვნელოვნად აჭარბებს. შეერთებულ შტატებს, 119 მილიარდი აშშ დოლარით, ჩინეთი მოსდევს, ტექნოლოგიებში მისი მთავარი კონკურენტი. მესამე ადგილზე დიდი ბრიტანეთია 28 მილიარდი აშშ დოლარით, ხუთეულს კი კანადა და ისრაელი ასრულებენ 15-15 მილიარდი აშშ დოლარით.

გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ AI-ის განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესი კი არა, მსოფლიოში ქვეყნების გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ზრდის წინაპირობაცაა. რაც უფრო დიდია ქვეყნის ინვესტიცია ხელოვნურ ინტელექტში, მით მეტად პოზიციონირდება ის მომავლის ეკონომიკად. ამ კუთხით კი ტექნოლოგია და ინოვაცია წამყვან როლს ასრულებს. მსგავსი მასშტაბის ინვესტიციები ძლიერ ინოვაციურ ეკოსისტემებს ქმნის, მაღალი დონის ტალანტებს იზიდავს და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს.

ვრცლად forbes.ge-ზე