„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა გრენლანდიის ანექსიის შესახებ კანონპროექტი წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრის, რენდი ფაინის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
კონგრესმენის განცხადებით, კანონპროექტი სახელწოდებით „გრენლანდიის ანექსია და მისთვის შტატის სტატუსის მინიჭების აქტი“ მიზნად ისახავს „აშშ-ის სტრატეგიული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველყოფას არქტიკაში და ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას“.
კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს, რომ გრენლანდიაზე კონტროლისთვის ნებისმიერი ზომა გამოიყენოს.
„გრენლანდია შორეული საგუშაგო არ არის, რომლის უგულებელყოფაც შეგვიძლია. იგი ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია“, - ნათქვამია ფაინის განცხადებაში.
მისი თქმით, „ის, ვინც გრენლანდიას აკონტროლებს, არქტიკის მთავარ სანაოსნო გზებსაც აკონტროლებს“.
„ამერიკა მომავალს იმ რეჟიმების ხელში ვერ დატოვებს, რომელთაც ჩვენი ღირებულებები ეზიზღებათ და ჩვენი უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ“, - აცხადებს კონგრესმენი.