ესპანური გაზეთის Marca-ს ინფორმაციით, ლეგენდარულ ესპანელ ფორვარდს, 47 წლის რაულს ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაამტკიცებენ. ის სანტი დენიას ადგილს დაიკავებს, რომლის გაწვრთნილი გუნდი მიმდინარე ახალგაზრდულ ევრო 2025-ს გამოეთიშა.

რაულმა გადაწყვიტა მადრიდის „რეალის“ სტრუქტურა დატოვოს მას შემდეგ, რაც კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა უარყო მისი კანდიდატურა პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე და მას ჩაბი ალონსო ამჯობინა. ამგვარი გადაწყვეტილება რაულს უსამართლოდ მოეჩვენა. ის ექვსი წელი ავარჯიშებდა „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდს და მზად იყო პირველი გუნდის მწვრთნელობისთვის.

ასევე ცნობილია, რომ რაული რამდენიმე ევროპული გუნდის ინტერესს იწვევს, მაგრამ ექს-ფორვარდი უპირატესობას ნაკრებში მუშაობას ანიჭებს და უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან.

ელოდებიან, რომ კონტრაქტი უახლოეს რამდენიმე დღეში გაფორმდება.

1tv.ge