ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შვილი, ადამ კადიროვი ავტოავარიის შემდეგ გროზნოში, ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Kavkaz.Realii-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ის მძიმე მდგომარეობაშია.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ადამ კადიროვი რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაშია, ხოლო საავადმყოფომდე მისასვლელი გზები დაკეტილია.
"საავადმყოფომდე გზები დაკეტილია, რადგან ადამი იქ გადაიყვანეს. ამბობენ, რომ ის რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაშია. ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, რა სჭირს კადიროვის შვილს," - განაცხადა გროზნოში ერთ-ერთმა წყარომ.
მოძრაობა NIYSO-ს ინფორმაციით, ადამ კადიროვის ავტოკოლონა "მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მანქანა მანქანაზე, როდესაც მოულოდნელად დაბრკოლებას წააწყდა" - "შედეგად, მანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ, რის გამოც ვიღებთ ინფორმაციას, რომ საკმაოდ ბევრი მსხვერპლია, მაგრამ სწორედ ადამი იწვევს მთელ აჟიოტაჟს".
მოძრაობის წარმომადგენელმა Kavkaz.Realii-ს განუცხადა, რომ მათ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან მიიღეს, მაგრამ ჩეჩნეთის ლიდერის შვილის მდგომარეობის შესახებ დანამდვილებით ჯერ ვერ საუბრობენ.