17 ოქტომბერს პორტუგალიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეებში "გენდერული ან რელიგიური მიზეზებით" სახის დაფარვას კრძალავს.

ეს კანონპროექტი ულტრამემარჯვენე პარტია Chega-მ წარადგინა და ის უმეტეს საჯარო ადგილებში ისეთ სამოსებს კრძალავს, როგორებიცაა ბურქა და ნიქაბი.

მსგავსი სამოსის ტარება კვლავ ნებადართული იქნება თვითმფრინავებში, დიპლომატიურ ობიექტებსა და სამლოცველოებში.

კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ადგილებში სახის დაფარვისთვის ჯარიმა 200-დან 4 000 ევრომდე იქნება.

კანონს პრეზიდენტმა მარსელუ რებელუ დი სოზამ უნდა მოაწეროს ხელი. მას ასევე შეუძლია კანონს ვეტო დაადოს ან ის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვისთვის გადაამისამართოს.

თუ პრეზიდენტი მას ხელს მოაწერს, პორტუგალია შეუერთდება ევროპის იმ ქვეყნებს, როგორებიცაა ავსტრია, საფრანგეთი, ბელგია და ნიდერლანდები, სადაც სახის დაფარვაზე სრული ან ნაწილობრივი აკრძალვა უკვე მოქმედებს.

tabula.ge