10 აპრილიდან მთელი პორტუგალიის მასშტაბით ამოქმედდა დეპოზიტური სისტემა, რომლის ფარგლებში მოქალაქე, პლასტმასის თითოეული ბოთლის ჩაბარების სანაცვლოდ, 10 ცენტის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს.

აპარატი, რომელიც პლასტმასის და ლითონის ერთჯერად კონტეინერებს „იბარებს“portugal.gov.pt

პორტუგალიის გარემოს დაცვის მინისტრის, მარია და გრასა კარვალიოს თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გარემოსდაცვით პროექტია, რომელიც სამ ლიტრამდე მოცულობის სასმელის ერთჯერად პლასტმასის ან ლითონის შეფუთვებზე ვრცელდება. თითოეული ასეთი პროდუქტის შეძენისას გადახდილი 10 ცენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული აპარატების მეშვეობით ანაზღაურდება.

დეპოზიტური სისტემა SDR-ის ხელმძღვანელები მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ პირველ ეტაპზე ზოგიერთი სასმელის შეფუთვას (მაგალითად, წყლის ბოთლებს) აპარატები მიიღებენ, ზოგს კი არა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იდენტურია. ეს განპირობებულია იმით, რომ ზოგიერთ მათგანზე ჯერ კიდევ არ არის დატანილი ბრენდ „Volta“-ს ნიშანი. მათ ასევე განმარტეს, რომ იმ შეფუთვაზე, რომლებზეც დეპოზიტური სისტემის სიმბოლო არ იქნება გამოსახული, არც 10-ცენტიანი ანაზღაურება გავრცელდება.

SDR Portugal-ი, რომელიც კომპანია „Volta“-ს მმართველი ორგანოა, სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, აცხადებს, რომ სისტემა საშუალებას მისცემს ქვეყანას, ბევრად მეტი ერთჯერადი კონტეინერი შეაგროვოს და 2029 წლისთვის შეგროვების მაჩვენებელი 90 პროცენტამდე გაზარდოს.

დღეიდან, თუ შეფუთვას აქვს „Volta“-ს სიმბოლო, არის მთელი, მასში არ არის სასმელის ნარჩენი, აქვს თავსახური და შტრიხკოდი, მას მიიღებს ქვეყნის მასშტაბით არსებული ნებისმიერი 2 500 აპარატი (და 48 კიოსკი - დიდი რაოდენობის შემთხვევაში), რომელიც, მაგალითად, სუპერმარკეტების სიახლოვეს იქნება განთავსებული. აპარატი ჭყლეტს შეფუთვას და სანაცვლოდ გასცემს 10-ცენტიან ვაუჩერს, რომლის განაღდებაც შესაძლებელია.

SDR Portugal-ი სისტემის შესახებ დეტალურ განმარტებებს თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

SDR-სისტემა უკვე მოქმედებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, როგორიცაა, მაგალითად, გერმანია, ავსტრია და დანია. ის ყოველწლიურად 35 მილიარდზე მეტ შეფუთვას აგროვებს და დაახლოებით 357 მილიონ ადამიანს ემსახურება.

წყარო: 1 არხი