ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე მონაკვეთში გზის მშენებლობაა დაგეგმილი.

ახალი გზა ერთმანეთთან გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიას [ჭოროხის ქუჩას] და ახალი ბულვარის გაგრძელებას [დავით ართმელაძის ქუჩას] დააკავშირებს.

ახალი გზა ართმელაძის ქუჩას გამწმენდი ნაგებობის მიმდებარედ შეუერთდება.

„ჭოროხის ქუჩის და დავით ართმელაძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობაზე“ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 6 მილიონ 380 ათას 714 ლარი. ფული ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 26 აპრილს დაიწყება და ხუთ დღეში, პირველ მაისს დასრულდება.

ახალი გზა [წითელი ხაზით], რომლის მშენებლობაზეც ტენდერია გამოცხადებული

ჭოროხისა და ართმელაძის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორია, სადაც ახალი გზის გაყვანაა დაგეგმილი, დაუსახლებელია და როგორც პროექტშიცაა აღნიშნული, ზოგან სამშენებლო ნაგვითაა დაფარული და ზოგან ეკელ-ბარდით. ახალი გზის მიმდებარედ აღმოჩნდება ადლიის ნაგავსაყარი და „ნაგავსაყარის დასახლებაც“.

ჭოროხის ქუჩა კი იგივე „ჭოროხის გზაა“, რომელიც მახოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გადის მდინარე ჭოროხის გასწვრივ, გამოდის „გონიოს ხიდის“ ქვეშ და ნაგავსაყართან მისასვლელი გზის დასაწყისში უერთდება აეროპორტის გზატკეცილს. „ჭოროხის გზა“ ამ ბოლო დროს ააშენეს, თუმცა, საგზაო მონიშვნები სავალ ნაწილზე დასრულებული არ არის.

წითელი ხაზით მონიშნულია ახალი გზის საპროექტო ტერიტორია / ფოტოები „ბათუმელების“ არქივიდან

რაც შეეხება დავით ართმელაძის ქუჩას, ეს იგივე ახალი ბულვარის გაგრძელებაა, რომელიც აეროპორტის ასაფრენი ზოლის ბოლოში [ანწუხელიძისა და კაჩინსკების კვეთაში არსებული წრიულიდან] იწყება და მდინარე ჭოროხის კალაპოტთან წყდება.

ეს გზა გონიოს მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო და ჭოროხზე ახალი ხიდის აშენებით გონიოს პლაჟს უნდა დაჰკავშირებოდა, თუმცა ეს პროექტი აღარ გაგრძელებულა.

ახალი გზა, რომელიც ნაგავსაყართან უნდა აშენდეს სიგრძით 1 955 მეტრი იქნება. ტენდერის პირობის მიხედვით, გზის მოწყობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2027 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

ბათუმის მერიამ ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩების შეერთებაზეც მიიღო გადაწყვეტილება 3 წლის წინ. საჭირო იყო დაახლოებით 300 მეტრი სიგრძის ახალი შემაერთებელი გზის აშენება. მერიის სამმართველომ ტენდერიც გამოაცხადა, გამარჯვებულთან ხელშეკრულებაც გააფორმა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები, რომელიც შარშან უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე არ დაწყებულა.

batumelebi.netgazeti.ge