ჩინეთი მოსკოვსა და კიევს მოუწოდებს, განაახლონ მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად, განაცხადა გაეროში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, სუნ ლეიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, პეკინი მხარეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე მოუღონ ბოლო კონფლიქტს, გამოავლინონ რეალური პოლიტიკური ნება და გაეროს წესდების პრინციპების სრული და უპირობო დაცვით აღმოფხვრან დაპირისპირების პირველწყაროები.

ჩინეთის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო კონფლიქტი სულ უფრო მეტად აზარალებს სამოქალაქო სივრცეს და ამის გამო უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იტანჯებიან. სუნ ლეის განცხადებით, ჩინეთი უკრაინის საკითხში „ობიექტურ და მიუკერძოებელ“ პოზიციას ინარჩუნებს, კავშირზეა ყველა მხარესთან და დაუღალავად უწყობს ხელს სამშვიდობო პროცესს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად კონსტრუქციული როლი შეასრულოს კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებაში.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ განაცხადა უკრაინაში ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების მზადყოფნის შესახებ.