ორი დიდი დემოკრატია ერთად როცა მოქმედებს, ჩვენ უფრო ძლიერ საერთო უსაფრთხოებას ვაშენებთ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს მას შემდეგ, რაც ინდოეთსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა.
მისივე თქმით, მსოფლიო წესრიგის ცვლილებასთან ერთად, ევროკავშირი გააგრძელებს დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.
„ორი დიდი დემოკრატია ერთად როცა მოქმედებს, ჩვენ უფრო ძლიერ საერთო უსაფრთხოებას ვაშენებთ. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან დიდი სიამოვნებით მოვაწერეთ ხელი ევროკავშირისა და ინდოეთის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შეთანხმებას. პაქტი ყოველწლიური უსაფრთხოებისა და თავდაცვის დიალოგით იწყება – პირველი შეხვედრა ერთ თვეში გაიმართება – და აღრმავებს თანამშრომლობას საზღვაო უსაფრთხოების, კიბერსაკითხების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. ჩვენ ასევე შევისწავლით ინდოეთის მონაწილეობას ევროპულ თავდაცვის ინიციატივებში. მსოფლიო წესრიგის ცვლილებასთან ერთად, ევროკავშირი გააგრძელებს დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას მთელ მსოფლიოში. ძლიერი პარტნიორობა ჩვენს ძალას აძლიერებს“, – წერს კაია კალასი.
1tv.ge