2026 წლის განმავლობაში, რუსეთის ცენტრალური ბანკი, ყიდის ოქროს თავისი საერთაშორისო რეზერვებიდან, - ამის შესახებ ეკონომიკური მიმომხილველი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე ინფორმაციით, მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) და თავად რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშგების თანახმად, რუსეთი ოქროს რეზერვების შემცირების მხრივ, ზედიზედ მეორე კვარტალი, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
„ოქროს გაყიდვების ამჟამინდელი ტემპი ქვეყნისთვის ყველაზე მაღალია 1998 წლის მძიმე ფინანსური კრიზისისა და დეფოლტის შემდეგ.
2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის სექტემბრამდე, რუსეთის ოქროს მარაგი დაახლოებით 62 ტონით შემცირდა. მხოლოდ 2026 წლის მესამე კვარტალში, 18,66 ტონა ოქრო გაიყიდა. ოქტომბრის დასაწყისის მონაცემებით, რუსეთის მთლიანი ოქროს მარაგი, დაახლოებით 2264 ტონამდე შემცირდა - ეს 2019 წლის ბოლოდან, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
რუსული ოქროს ექსპორტის მთავარი დანიშნულების ადგილი ჩინეთია“, - წერს სურამელაშვილი.