რუსეთი და უკრაინა ომის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების კონტროლის საკითხზე არასაჯარო მოლაპარაკებებში გარკვეულ მოქნილობას იჩენენ. ამის შესახებ BBC ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. განცხადება აბუ-დაბიში რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებამდე გაკეთდა.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მოსკოვის, კიევისა და ვაშინგტონის დელეგაციები. ეს პირველი სამმხრივი მოლაპარაკებებია ომის დასრულების საკითხზე თებერვლის შემდეგ. აშშ-ის დელეგაციას სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი უხელმძღვანელებენ. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები იქნება.

მხარეებს შორის მთავარ უთანხმოებად დონეცკის რეგიონის მომავალი რჩება. მოსკოვი უკრაინისგან იმ ტერიტორიების დათმობას მოითხოვს, რომლებსაც კიევი ამჟამად კვლავ აკონტროლებს, უკრაინული მხარე კი ფრონტის არსებული ხაზის გაყინვას ემხრობა. კიევის პოზიციით, ამ ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნება ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.

ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და უკრაინას საჯაროდ პოზიციები არ შეუცვლიათ, დახურულ მოლაპარაკებებში ორივე მხარე გარკვეულ მოქნილობას ავლენს. მისივე თქმით, ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტა მანამდე ვერ მოხერხდება, ვიდრე მხარეები ომის შემდგომ უსაფრთხოების სისტემაზე არ შეთანხმდებიან. ვაშინგტონში მოლაპარაკებების მიმართ ფრთხილი ოპტიმიზმი აქვთ, თუმცა აღიარებენ, რომ შეთანხმების მიღწევას დრო დასჭირდება.