საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ევროკავშირის ბაზარზე საქონლის გატანის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად ტრანსპორტირების მაღალი ღირებულება, საბაჟო შეფერხებები და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის პრობლემები რჩება. ამის შესახებ საუბარია კვლევაში „საქართველოდან ევროკავშირის ბაზრებზე საქონლის ექსპორტის სატრანსპორტო სისტემა – 2026“, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ACT-ის მიერ მომზადდა.
ახალი კვლევის მიხედვით, მცირე ექსპორტიორები ტვირთის გადაზიდვაში მსხვილ კომპანიებზე, საშუალოდ, 20–40%-ით მეტს იხდიან, ხოლო ევროკავშირის მიმართულებით ქართული ექსპორტის წილი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა.
მსხვილ კომპანიებს საშუალება აქვთ, სრულად დატვირთული სატვირთო მანქანებითა და კონტეინერებით ისარგებლონ, ჰქონდეთ საკუთარი საწყობები, მაცივრები და ლოჯისტიკის სპეციალისტები. მცირე ბიზნესს კი ხშირად არასრული ტვირთის გადაზიდვა უწევს, რაც ერთეულ პროდუქტზე ტრანსპორტირების ხარჯს ზრდის.
კვლევის მიხედვით, საქართველოდან ევროკავშირის მიმართულებით 20-ტონიანი სატვირთო მანქანის გადაზიდვის საშუალო ღირებულება 1 300–1 600 დოლარია. ამასთან, დაახლოებით 35%-ში სატვირთო ავტომობილები საქართველოში უკან ცარიელი ბრუნდებიან, რაც გადაზიდვის ხარჯს კიდევ უფრო ზრდის.
კვლევის თანახმად, ევროკავშირის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში 2020 წელს დაახლოებით 21% იყო, 2024 წლისთვის კი 9%-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში დსთ-ის ქვეყნების წილი 45%-დან 69%-მდე გაიზარდა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ ცვლილებას რამდენიმე მიზეზი აქვს და მხოლოდ სატრანსპორტო პრობლემებს ვერ დავუკავშირებთ, თუმცა ლოჯისტიკური ბარიერები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს ევროპულ ბაზარზე გასვლას ურთულებს.