ოთხშაბათს ოქროს ფასი ბოლო ორი თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა და $4,557.60-ს მიაღწია. კერძოდ, ძვირფასი ლითონის ღირებულებამ დღის განმავლობაში 3%-ზე მეტით მოიმატა, რაც 4 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ანალიტიკოსების შეფასებით, ოქროს გაძვირებას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებამ, 10-დან 30 წლამდე ვადიანობის ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის ოპერაციებისთვის ლიკვიდობის მხარდაჭერის მოცულობა გაეორმაგებინა. TD Securities-ის შეფასებით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ძვირფასი ლითონების ბაზარს „ახალი სიცოცხლე“ შესძინა.

ანალიტიკოსები ასევე მიუთითებენ აშშ დოლარის შესუსტებასა და სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირებაზე. Saxo Bank-ის ანალიტიკოსის, ოლე ჰანსენის განცხადებით, დაბალი შემოსავლიანობისა და სუსტი დოლარის კომბინაციამ ოქროს ფასის აღდგენას დამატებითი ბიძგი მისცა. ცნობისთვის, ოთხშაბათს აშშ დოლარის ინდექსი დაახლოებით 0.7%-ით იყო შემცირებული.

აგვისტოში ოქროს ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თვის დასაწყისში ძვირფასმა ლითონმა შვიდი თვის განმავლობაში საუკეთესო კვირა დააფიქსირა და დაახლოებით 7%-ით გაძვირდა. ზრდას ხელი ამ შემთხვევაშიც დოლარის შესუსტებამ, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირებამ, ასევე დასაქმების შესახებ მოულოდნელად სუსტმა მონაცემებმა შეუწყო.

ამასთან, ზაფხულის დიდი ნაწილის განმავლობაში ოქროს ფასი შედარებით სტაბილურ მაჩვენებელზე ნარჩუნდებოდა და, ძირითადად, $4,000-$4,200-ის ფარგლებში მერყეობდა. მეორე კვარტალში, რომელიც 30 ივნისს დასრულდა, ოქრომ ღირებულების დაახლოებით 16% დაკარგა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე დიდი კვარტალური ვარდნა იყო. ივნისის ბოლოს კი ოქროს ფასი $4,000-ზე დაბლაც ჩამოვიდა. მაშინ ანალიტიკოსები ვარდნას ძლიერ დოლარსა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მიმდინარე წელს განაკვეთის ზრდის მოლოდინს უკავშირებდნენ.

რაც შეეხება ვერცხლს, ოთხშაბათს მისი ფასიც დაახლოებით 3%-ით გაიზარდა და დღის განმავლობაში $66.16-ს მიაღწია. თუმცა, ოქროსგან განსხვავებით, ვერცხლი ბოლო ორი თვის მაქსიმუმზე არ ასულა. გასულ კვირას მისი ფასი დაახლოებით $67-მდე გაიზარდა, ხოლო ივნისის შუა პერიოდში $70-საც გადააჭარბა.

როგორც ხედავთ, ბაზრისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად კვლავ აშშ-ის ფედერალური რეზერვის მონეტარული პოლიტიკა რჩება. CME Group-ის მიხედვით, დეკემბრის შეხვედრაზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდის ალბათობა დაახლოებით 69.2%-ს შეადგენს. სექტემბერში განაკვეთის ზრდის ალბათობა 36.6%-ია, ოქტომბერში კი – 49.2%.

როგორც წესი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები ძვირფასი ლითონების ღირებულებაზე ზეწოლას ახდენს, შესაბამისად, განაკვეთის ზრდამ შესაძლოა ოქროსა და ვერცხლის ფასის ზრდა შეაფერხოს.

ოქროსა და ვერცხლის ფასები წლის დასაწყისში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებლებთან შედარებით კვლავ დაბალ დონეზეა. შეგახსენებთ, იანვარში ოქროს ფასი დაახლოებით $5,600-მდე გაიზარდა, ვერცხლის ღირებულებამ კი რეკორდულ $121-ს მიაღწია. მას შემდეგ ვერცხლის ფასი თითქმის განახევრებულია.

forbes.ge