რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას უკრაინის თავდასხმების შედეგად დაზიანებული ლოგისტიკური და სასაწყობო ინფრასტრუქტურის აღდგენის პროგრამის დაწყება დაავალა.

პუტინის განცხადებით, რუსეთში სავაჭრო ინფრასტრუქტურა, მიუხედავად გაზრდილი დატვირთვისა, სტაბილურად ფუნქციონირებს.

„დაძაბულ რეჟიმში მუშაობა, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, თუმცა ყველა, ვინც ამ სფეროში მუშაობს, სრულად ართმევს თავს იმ ამოცანებს, რომლებსაც დრო გვიყენებს“, – განაცხადა პუტინმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ლოგისტიკური და სასაწყობო სიმძლავრეების ნაწილი აღდგენას საჭიროებს. მისი თქმით, პროცესში სახელმწიფოს მონაწილეობაც უნდა იყოს გათვალისწინებული, ხოლო ინფრასტრუქტურის აღდგენა ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებით უნდა განხორციელდეს.

პუტინის განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის ციფრული პლატფორმების ასოციაციის მიმართვა მთავრობისადმი. ორგანიზაცია, რომელიც Wildberries-ს, Ozon-ს, „იანდექსს“, „ავიტოსა“ და „კუპერს“ აერთიანებს, ხელისუფლებას დრონების თავდასხმების შედეგად დაზარალებული მეწარმეებისთვის მხარდაჭერის ღონისძიებების შემოღებას სთხოვს.

რუსულ მარკეტპლეისებზე უკრაინული დრონების თავდასხმების გახშირების ფონზე, რამდენიმე პლატფორმამ გამყიდველებისთვის პირობებიც შეცვალა. კერძოდ, მათ გარკვეულ შემთხვევებში პასუხისმგებლობა მოხსნეს იმ საქონლის დაკარგვაზე, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების შედეგად განადგურდა ან დაზიანდა.

რუსეთის ტერიტორიაზე ლოგისტიკურ და სასაწყობო ობიექტებზე თავდასხმები ბოლო პერიოდში გახშირდა, რაც ქვეყანაში საქონლის შენახვისა და გადაადგილების ინფრასტრუქტურისთვის დამატებით გამოწვევებს ქმნის.