11 ივნისს 23-ე მსოფლიო ჩემპიონატი მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის (2:0) მატჩით დაიწყო. ისტორიაში პირველად, ფინალურ ეტაპს სამი ქვეყანა მასპინძლობს – ამერიკის შეერთებულ შტატები, კანადა და მექსიკა. ასევე მუნდიალების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ტურნირში 48 გუნდი მონაწილეობს.

თამაშები 16 ქალაქში გაიმართება. მათგან 11 შეერთებულ შტატებია, სამი – მექსიკაში და ორი – კანადაში. საინტერესოა, რომ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ცხრა სტადიონი ამჟამად მასპინძელთა სიაში არ არიან. 16 სტადიონიდან კი მხოლოდ ერთია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისთვის უმასპინძლია.

ამჯერად აშშ-ის სტადიონებს გაგაცნობთ. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი არენის სახურავზე სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოჰყავთ.

სიეტლი – „ლუმენ ფილდი

ტევადობა: 68 740

ლუმენ ფილდი“ 1998 წელს აშენდა და 2002 წელს გაიხსნა. მშენებლობა 430 მილიონი დოლარი დაჯდა – მრავალფუნქციურ არენაზე ამერიკული ფეხბურთის მატჩებიც იმართება, ასევე ხშირად ტარდება კონცერტები.

გასულ წელს სტადიონმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა, ხოლო 2031 წელს ქალთა მსოფლიო თასის მატჩების ჩატარებაა დაგეგმილი.

სან-ფრანცისკო – „ლივაის სთედიუმი

ტევადობა: 68 500

სანტა კლარაში „ლივაის სთედიუმის“ მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და 2014 წელს გაიხსნა. ნაგებობა დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარი დაჯდა და შეერთებულ შტატებში არსებული მრავალი მრავალფუნქციური სპორტული ობიექტიდან ერთ-ერთია.

საინტერესოა, რომ 2016 წლიდან „ლივაის სთედიუმის“ სახურავზე სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოჰყავთ, რომელსაც სტადიონზე გამართული ღონისძიებების დროს საკვებში იყენებენ. ამ არენაზე მაყურებელთა დასწრების რეკორდი (80 058 მაყურებელი) ბრიტანელი მომღერლის, ედ შირანის კონცერტზე 2023 წლის სექტემბერში დამყარდა.

ფილადელფია – „ლინკოლნ ფაინენშელ ფილდი“ 

ტევადობა: 67 594

ეს სტადიონი 2003 წელს გაიხსნა. 2013-2014 წლებში მისი განახლება 500 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა. 2003 წელს უმასპინძლა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს, ხოლო გასულ წელს – ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს.

კანზას სიტი – „აროჰედ სთედიუმი

ტევადობა: 76 416

აროჰედ სთედიუმი“ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეერთებული შტატების არენებიდან ყველაზე ძველია – იგი 1972 წელს გაიხსნა. მისი მშენებლობა 43 მილიონი დოლარი დაჯდა. მას შემდეგ ობიექტი სამჯერ განახლდა.

მაიამი – „ჰარდ როკ სთედიუმი“ 

ტევადობა: 64,767

ეს მრავალფუნქციური არენა 1987 წელს გაიხსნა და ძირითადად ამერიკულ ფეხბურთის მატჩებს მასპინძლობს. 2022 წლიდან სტადიონის გარშემო მოეწყო მაიამის საერთაშორისო ავტოდრომი და სარბოლო ტრასა, რომელიც ფორმულა 1-ის მაიამის გრანპრისთვის გამოიყენება.

2024 წელს სტადიონმა კოპა ამერიკის მატჩებს უმასპინძლა, ხოლო გასულ წელს – ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატს. წლების განმავლობაში არენაზე ბევრი ცნობილი შემსრულებლების კონცერტი გაიმართა.

ჰიუსტონი – „NRG სთედიუმ

ტევადობა: 72 220

„NRG სთედიუმის მშნებლობა 2000 წელს დაიწყო, ორ წელიწადში აშენდა და 352 მილიონი დოლარის დაჯდა. ის NFL-ის (ამერიკული ფეხბურთი) პირველი სტადიონი, რომელსაც გასაშლელი სახურავი ჰქონდა. ობიექტი ასევე ფართოდ გამოიყენება ფეხბურთის მატჩებისთვის, აქ მართავს თამაშებს აშშ-ის ნაკრები. არენამ 2010 წლის MLS-ის ყველა ვარსკვლავისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თამაშს უმასპინძლა, რომელსაც 70 728 მაყურებელი დაესწრო.

ბოსტონი – „ჯილეტ სთედიუმი

ტევადობა: 64 628

სტადიონი 2002 წლის მაისში გაიხსნა, მშენებლობა 325 მილიონი დოლარი დაჯდა. 2023 წელს მის მასშტაბურ განახლებაზე 220 მილიონი დოლარი დაიხარჯა. არენა მრავალფუნქციურია და მასპინძლობს როგორც ამერიკული ფეხბურთის, ასევე საფეხბურთო მატჩებს.

არენა ხშირად მასპინძლობს ეროვნული ნაკრებების ამხანაგურ მატჩებს. მაგალითად, 26 მარტს საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებებმა სწორედ ამ სტადიონზე ითმაშეს. აქვე 2003 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები გაიმართა.

ლოს ანჯელესი – „სოუ ფაი სთედიუმ

ტევადობა: 70 240 მაყურებელი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი არენებიდან ეს ერთ-ერთი ყველაზე ახალია – „სოუ ფაი“ 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა და მისი მშენებლობა 5 მილიარდად შეფასდა. ეს თანამედროვე არენა 70 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს და აქვს პოტენციალი, რომ ტევადობა 100 000-მდე გაიზარდოს.

სტადიონი აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სპორტული და გასართობი ღონისძიებებისთვის. 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიები აქ გაიმართება.

ატლანტა – „მერსედეს-ბენც სთედიუმი

ტევადობა: 73 019

სტადიონი 2017 წლის ზაფხულში გაიხსნა. მშენებლობა დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარი დაჯდა – არენის მთავარი მახასიათებელი მისი დასაკეცი სახურავია. 2024 წელს „მერსედეს-ბენც სთედიუმმა“ კოპა ამერიკის მატჩებს უმასპინძლა, ხოლო გასულ წელს – ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო თასს.

ნიუ ჯერსი – „მეტლაიფის“ სტადიონი 

ტევადობა: 82 500

სტადიონი 2010 წელს გაიხსნა და იმ დროს მშენებლობის ხარჯებით მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული არენა იყო – დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარი. არენაზე საშინაო თამაშებს ამერიკული ფეხბურთის გუნდები ატარებენ.

აღსანიშნავია, რომ არენა, ფეხბურთის მატჩების გარდა, ყოველწლიურად ჭიდაობის შეჯიბრებებს მასპინძლობს, ასევე იმართება ცნობილი ჯგუფებისა და შემსრულებლების კონცერტები.

დალასი – „AT&T სთედიუმი

ტევადობა: 80 000

AT&T სტადიონის მშენებლობას (2009 წლის მაისში გაიხსნა) თითქმის ოთხი წელი დასჭირდა და 1.3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა. არენა მრავალფუნქციურია, ამერიკული და ევროპული ფეხბურთის მატჩების გარდა, კალათბურთის მატჩები, კონცერტები, სუპერკროსი, ჭიდაობისა და კრივის შეჯიბრებები ტარდება.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე A&T სტადიონი ერთადერთი იქნება, რომელიც ცხრა მატჩს უმასპინძლებს – ხუთს – ჯგუფურ ეტაპზე და ოთხს – პლეიოფში.

წყარო: პირველი არხი