რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის წითელ მოედანზე 9 მაისს დაგეგმილ აღლუმზე სამხედრო ტექნიკის კოლონები და სამხედრო კურსანტები არ იქნებიან წარმოდგენილები, - ინფორმაციას BBC-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სამხედრო ტექნიკის კოლონა აღლუმში მონაწილეობას „არსებული ოპერატიული სიტუაციის“ გამო არ მიიღებს.

BBC-ი წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როცა სამხედრო ტექნიკა წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში 9 მაისს მონაწილეობას არ მიიღებს.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, 9 მაისს დაგეგმილი აღლუმის საჰაერო ნაწილი ჩატარდება.

„აღლუმის საჰაერო ნაწილის დროს, რუსული პილოტაჟის ავიაჯგუფების თვითმფრინავები წითელ მოედანზე იფრენენ, ხოლო აღლუმის დასასრულს, „სუ-25“ თავდასხმის თვითმფრინავების პილოტები მოსკოვის ცას რუსეთის დროშის ფერებში შეღებავენ“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ipn.ge