მონტენეგროს ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს უკვე მომავალ შემოდგომაზე შემოიღებს. ამის შესახებ RTVI-ს ბალკანური ქვეყნის საელჩომ მოსკოვში განუცხადა.
დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირში მონტენეგროს გაწევრიანების გზაზე აღებული ვალდებულებაა. კერძოდ, “ქვეყანამ 2026 წლის მესამე კვარტლის ბოლომდე სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკას სრულად უნდა შეუსაბამოს, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებასაც მოიცავს.“
ამჟამად რუსებს მონტენეგროში უვიზოდ ყოფნა 30 დღემდე ვადით სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ. 21 ნოემბერს მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ მილოიკო სპაიჩმა განაცხადა, რომ ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის “უმოკლეს ვადაში” გასაუქმებლად ემზადება.
სტატისტიკის თანახმად, რუსული ტურისტული ნაკადი მონტენეგროს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. კერძოდ, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყანაში 123 200-ზე მეტი ვიზიტი განახორციელეს, რაც ჩასულთა საერთო რაოდენობის 11%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი ტურისტების ნაკადს ისეთი ქვეყნებიდან აღემატება, როგორიც არის ავსტრია, ჩეხეთი, ხორვატია, შვედეთი და ნიდერლანდები.
ოქტომბერში მონტენეგროს პრეზიდენტ იაკოვ მილატოვიჩმა დილემა აღიარა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება, მეტად გადაავადოს სავიზო რეჟიმის შემოღება, რათა ტურიზმის ინდუსტრიას ზიანი არ მიადგეს, “თუმცა წესები მალე ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი.“
ცნობისთვის: რუსებისთვის ახალი სავიზო რეგულაციები ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის გამკაცრების ფონზე ამოქმედდება. ამასთან, 7 ნოემბერს ევროკომისიამ რუსებისთვის შენგენის მრავალჯერადი ვიზების გაცემა იმ მოტივით შეწყვიტა, რომ „შენგენის ზონის მთლიანობა და უსაფრთხოება“ უზრუნველყოფილ იქნეს და თავიდან იქნეს აცილებული „ბოროტად ვიზების პოტენციური გამოყენება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის პროპაგანდისთვის ან ევროკავშირის საზიანოდ სხვა დივერსიულ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.“ რუსეთის მოქალაქეებმა ევროკავშირში მოგზაურობისას ყოველ ჯერზე ახალი ვიზა უნდა გააფორმონ, ხოლო ყველა განაცხადი გაძლიერებულ შემოწმებას დაექვემდებარება. გამონაკლისი შესაძლოა, მხოლოდ ტრანსპორტის მუშაკებზე, ადამიანის უფლებათა დამცველებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე იქნეს დაშვებული.
ბულგარეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის მრავალჯერადი ვიზების გაცემას წყვეტს.