„მცირე დროა მოცემული გადაწყობისთვის“, - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე სოფო ქაშაკაშვილი პლასტმასის ნივთების რეალიზაციასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს.
ინფორმაციისთვის, საქართველოში სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება. როგორც სოფიო ქაშაკაშვილი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, ობიექტებს არსებული ნაშთების ამოსაყიდად ორი ვადა განესაზღვრათ, კერძოდ:
- 1-ელ აპრილამდე კვების ობიექტებზე დასაშვებია პლასტმასის ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქებისა და მათი თავსახურების გამოყენება;
- 1-ელ ივლისამდე კი კვების ობიექტებზე დასაშვებია პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქების გამოყენება.
„შეზღუდვა არ ვრცელდება ერთჯერადი ჭიქების თავსახურებზე, აღნიშნული პროდუქცია მოხვდა გამონაკლისებში. რეგულაცია არ ვრცელდება შესაფუთ მასალებზე, გრინისა (სენვიჩებისთვის), ვაკუუმ პარკებზე და მსგავს პროდუქტებზე.
რეგულაცია პლასტმასის აკრძალვის შესახებ ვრცელდება მხოლოდ მზა საკვების ადგილზე განთავსებაზე, როგორიც არის რითეილსა და ჰორეკა სექტორში; რეგულაცია არ ვრცელდება წარმოებაზე, სადაც ხდება პროდუქტის გადაფუთვა და ეტიკეტირების განთავსება, განცალკევებულ საწარმოში“, - აცხადებს სოფიო ქაშაკაშვილი.
როგორც რითეილ ასოციაციაში განმარტავენ, ახალ რეგულაციებზე გადაწყობის პროცესში ბიზნესისთვის ყველაზე დიდი პრობლემას წარმოადგენს დრო. ამასთანავე, ცალკე საკითხია საერთაშორისო მომწოდებლებთან კომუნიკაცია და ახალ მოთხოვნებზე დროული გადაწყობა.
„რა თქმა უნდა, ეს ახალი რეგულაციები კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება და მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, რადგან საქართველოში პლასტიკის მიმართულება ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ ამის მიღმა არის მეორე ფაქტორი - მცირე დროა მოცემული გადაწყობისთვის. ჩვენი ასოციაცია გვიან ჩაერთო პროცესები, სამინისტროში გვითხრეს, რომ კონსულტაციები დავიწყეთ სექტემბერში, მაგრამ ჩვენ ნოემბერში ჩავერთეთ, ეს კი მაშინ, როცა ეს ცვლილებები ძირითადად ჩვენ და სარესტორნო ბიზნესს გვეხება.
წარმოიდგინეთ, ჩვენ ამ დროში საერთაშორისო მომწოდებლებთან დეტალები უნდა გავიაროთ, უნდა განვიხილოთ, შიგთავსი როგორი უნდა იყოს ახალი კონტეინერების, ზოგს ბრენდირებული აქვს ეს პროდუქცია და ახლიდან უნდა დაბრენდონ - საჭიროა დრო. სამინისტროს ვუთხარით კიდეც, რომ მინიმუმ ნახევარი წელი გვჭირდება გადასაწყობად. ამ წუთას ასეთი ვადები განსაზღვრეს, რომ 1-ელ აპრილამდე იქნება დასაშვები პლასტმასის დანების, ჩანგლების, თეფშების, საწრუპების, კოვზების, ჩხირების, მოსარევების გამოყენება, 1-ელ ივლისამდე კი იქნება დასაშვებია ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქების გამოყენება. 1-ელი ივლისის შემდეგ სრულად აიკრძალება. მთავარია რომ მოვასწროთ და დროში ჩავეტიოთ“, - აღნიშნავს სოფიო ქაშაკაშვილი.
მისივე თქმით, ცალკე გამოწვევას წარმოადგენს გადამუშავების ნაწილი.
„ძალიან საინტერესოა გადამამუშავებლების პოზიცია, მართალია, კონტეინერებსა და დანა-ჩანგლებს საქართველოში მაინც და მაინც არავინ ამუშავებს, მაგრამ იმ მუყაოს გადამუშავების ტექნოლოგია, რომელზეც გადავდივართ და რომელიც გარკვეული დოზით პლასტმასას შეიცავს, საერთოდ არ გვაქვს საქართველოში“, - დასძინა მან.
ამასთანავე, სოფიო ქაშაკაშვილი აღნიშნავს, რომ რეგულაციებზე გადასვლა ისე უნდა მოხდეს, რომ ცვლილებები პროდუქციის ფასებზე „სენსიტიურად“ არ აისახოს.
„პლასტის მიაქვს არამარტო საქართველო, არამედ მთელი სამყარო, თუ ნაკლებს მოვიხმართ, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ყველაფერს სჭირდება თავისი დრო, რომ გადავეწყოთ, უმტკივნეულოდ გადავიდეთ რეგულაციებზე და ეს ყველაფერი ძალიან სენსიტიურად არ აისახოს პროდუქციის ფასზე. ჩვენი ასოციაცია ცდილობს რომ მომხმარებლის ქცევა შევაჩვიოთ ცვლილებებს და მაგალითად, მრავალჯერადი ჩანთებით იარონ საყიდლებზე, მაგრამ ამასაც დრო უნდა.
ადრე ბიოდეგრადირებად პარკებზე რომ გადავედით, ასიანი რომ გახდა ეს პარკები და ხელმისაწვდომად აღარ ელაგა სუპერმარკეტებში, ამას ნეგატიურად შეხვდა მომხმარებელი. მთავარია, რომ ესეც ადეკვატურად მიიღოს მომხმარებელმა, რადგან პირობითად ქაღალდის საწრუპები ძალიან მალე სველდება და გამოსაყენებლად არ არის პრაქტიკული“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სოფიო ქაშაკაშვილმა.