პუტინს ბრძოლის ველზე თავისი მიზნების მიღწევა არ შეუძლია, ამიტომ შეეცდება მათ მოლაპარაკებების გზით მიაღწიოს , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ ასევე, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ დასრულდება იგი. უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ერთი აგრესორია და ერთი მსხვერპლი. პირველი ნაბიჯი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს. თუმცა, ამჟამად არანაირი ნიშანი არ არის იმის, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა“, - განაცხადა კაია კალასმა.

მისი თქმით, „მოსაზრება, რომ უკრაინა მარცხდება, მცდარია“.

„ნებისმიერი შეთანხმება რუსეთის მხრიდან დათმობებს უნდა მოიცავდეს. უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ რუსეთმა თავდასხმა აღარასდროს განახორციელოს“, - აღნიშნა კალასმა.

ipn.ge