გვაქვს მოლოდინი, რომ Black Friday-ის პერიოდში სავაჭრო ობიექტების გაყიდვები წინა წლის მაჩვენებლებს გადააჭარბებს, - ამის შესახებ "სინომი რითეილის" ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, სავაჭრო ობიექტებში მომხმარებელთა აქტივობა, დაახლოებით, 5-ჯერ იზრდება ხოლმე.
"როგორც ყოველთვის, Black Friday-ის პერიოდში მაღალი აქტივობაა ხოლმე და არც წელს იქნება გამონაკლისი. ვფიქრობთ, რომ წელს სავაჭრო ობიექტების გაყიდვები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგან გაყიდვების ზოგადი მაჩვენებლებიც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27%-მდე არის გაზრდილი. სწორედ ამიტომ, სამუშაო საათები გავზარდეთ და მიმდინარე პერიოდში ჩვენი ობიექტები 10:00 საათიდან 24:00 საათამდე იმუშავებენ.
ამავე პერიოდში, ვფიქრობთ, რომ ბათუმის ფილიალებში გაყიდვების გაცილებით უფრო მაღალი ზრდა დაფიქსირდება, ვიდრე სხვაგან, რადგან როგორც აღვნიშნე ზოგადად, კომპანიის გაყიდვები 27%-მდე არის გაზრდილი, თუმცა ბათუმში ეს ზრდა 50%-ია.
ყველაზე მაღალი მოთხოვნა აღნიშნულ პერიოდში სასაჩუქრე პროდუქციაზე, მათ შორის, საახალწლო ნივთებზეა. გარდა ამისა, რადგან გარდამავალი სეზონია და ზამთარი დგება, თბილი ტანსაცმელიც ძალიან აქტუალურია გაყიდვების კუთხით", - აცხადებს რევაზ მაღალაშვილი.
ცნობისთვის, კომპანია „სინომი რითეილი" საქართველოში, კერძოდ თბილისში 2012 წლიდან „რითეილ გრუპ ჯორჯიას “სახელით ოპერირებდა, 2023 წლის თებერვალში რებრენდინგის შედეგად კომპანიას სახელი შეეცვალა.
„სინომი რითეილი“ წარმოადგენს 19 საერთაშორისო ბრენდს და 80-ზე მეტ მაღაზიას თბილისის მასშტაბით ფლობს. გარდა ამისა, კომპანიამ, 2023 წლის ოქტომბერში ბათუმში 10 მაღაზია გახსნა.
2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ ბათუმში ეტაპობრივად გახსნა 10 წამყვანი საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა: Zara, Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith.