გერმანიის შინაგან საქმეთა ახალმა ფედერალურმა მინისტრმა, ალქსანდერ დობრინდტმა გასცა ბრძანება ყველა იმ მიგრანტის უკან გაბრუნების შესახებ, რომლებსაც არ აქვთ საბუთები. გამონაკლისი მხოლოდ ე.წ. „მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ არის დაშვებული. ფედერალურმა პოლიციამ ამ ბრძანების აღსრულება დღეიდან უნდა დაიწყოს. ამის შესახებ „ბავარიის რადიო“(Bayerischer Rundfunk - BR24) პირდაპირ ეთერში იუწყება.
მას შემდეგ, რაც დობრინდტმა თავშესაფრის მაძიებელთა უკან გაბრუნების ბრძანება გასცა, ავსტრიის საზღვართან არსებულ საკონტროლო-პუნქტ კიფერფელდენში ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდება. ფედერალური პოლიცია აქ უკვე დიდი ხანია ატარებს შემოწმებებს. ამიტომ, ადგილობრივი მცხოვრებლებისა და მოგზაურთათვის ეს სიახლე არ არის.
როზენჰაიმის ფედერალური პოლიციის ინსპექციის თანამშრომელი, რაინერ შარფი ხაზგასმით ამობობს, რომ გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლი „დროში და სივრცეში მოსახერხებელია“. ვინაიდან ფორმის ტარება მაკონტროლებელი ოფიცრებისთვის სავალდებულო არ არის, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ამჟამად სად რამდენი ოფიცერი იმყოფება.
თავშესაფრის მოთხოვნა აღარაფერს ნიშნავს
ის, რომ სასაზღვრო კონტროლში რაღაც შეიცვალა, საქალაქთაშორისო ავტობუსის მგზავრმა სირიელმა და პალესტინელმა დღეს ავტომაგისტრალ A93-ზე საკუთარ თავზე იგრძნეს.. ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებამდე მოწმდებოდა, ჰქონდათ თუ არა მათ გაკეთებული განაცხადი გერმანიაში თავშესაფრის მიღების უფლებაზე. დღეიდან კი ახალი პრაქტიკაა: პოლიცია მიგრანტებს ქვეყანაში უკანონო შემოსვლის გამო აკავებს და ტიროლის კუფშტაინის მიმართულებით მიმავალ მატარებელში სვამს.
კრიტიკა მეზობელი ქვეყნებიდან
რა ელით მათ ამ მომენტიდან, სრულიად გაურკვეველია. გასული შემოდგომაზე ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოაცხადა, რომ არ მიიღებდა იმ პირებს, რომლებიც გერმანიის საზღვრიდან გამოაძევეს.
გერმანიის მეზობელი ქვეყნები, საერთო ჯამში, ფედერალური მთავრობის ახალი ზომებით დიდად არ არიან კმაყოფილები. შვეიცარიის იუსტიციის სამინისტრო, პლატფორმა „იქსის“ საშუალებით, აცხადებს, რომ, შვეიცარიის თვალსაზრისით, მიგრანტების გაძევება უკანონოა. გარდა ამისა, ალპური სახელმწიფო წუხს, „რომ გერმანიამ ეს ზომები მასთან შეთანხმების გარეშე მიიღო“.
ოთხშაბათს საღამოს, კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ამ საკითხთან დაკავშირებით კრიტიკა, ვარშავაში მისი პირველი ვიზიტის დროს, პირადად მოისმინა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ პოლონეთი გერმანიიდან მიგრანტებს არ მიიღებს. მისი აზრით, უკეთესია, ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვაზე იზრუნონ, რადგან „შიდა საზღვრებზე ახალი კონტროლის მცდელობები დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული“.
გაურკვევლობა
რამდენად კანონიერია გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლი, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია. შეუძლებელია იმის წინასწარ პროგნოზირება, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ სასამართლოები, როდესაც გაძევებული მიგრანტები თავშესაფრის ლეგიტიმური მოთხოვნით მიმართავენ. ყველა მიგრანტისთვის უარის თქმის კანონიერებაში ბევრ იურისტს ეჭვი ეპარება.
ბუნდესპოლიცია შესაძლებლობის ზღვარზეა?
გარდა ამისა, ბუნდესპოლიციის შესაძლებლობებსაც აქვს თავისი ზღვარი. კიფერფელდენში ოფიცრები უკვე 12-საათიან ცვლაში მუშაობენ. პოლიციის პროფკავშირის თავმჯდომარე, ანდრეას როსკოფი ვარაუდობს, რომ პოლიციელებს ბევრი ზეგანაკვეთური საათი დაუგროვდებათ. „სავარაუდოდ, ეს არის სიტუაცია, რომელსაც ჩვენ, როგორც ბუნდესპოლიცია, დიდხანს ვერ გავუძლებთ“.
წყარო: 1tv.ge