აეროპორტის გახსნა აფხაზეთში, რომელსაც ფაქტობრივად რუსეთი მართავს, მხოლოდ ინფრასტრუქტურულ მოვლენად არ უნდა განვიხილოთ – კონფლიქტოლოგი და ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამ პროცესს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების ასარიდებლად აფხაზეთის სისტემურ ათვისებად აღიქვამს და მიიჩნევს, რომ თბილისი ამ ყველაფერს შეგნებულად არ ეწინააღმდეგება.
“აფხაზეთში აეროპორტის გახსნაზე წლებია საუბრობენ, მაგრამ რუსეთი ამით არასდროს ყოფილა დაინტერესებული“
ზაქარეიშვილის თქმით, აეროპორტის აღდგენის თემა აფხაზურ საზოგადოებაში მრავალი წელია დგას დღის წესრიგში, თუმცა რუსეთისთვის ის სტრატეგიულად საინტერესო არ ყოფილა — სანამ უკრაინაში არ შეიჭრა.
„რუსეთს სამხრეთში უამრავი აეროპორტი აქვს და აფხაზეთში აეროპორტში სარგებელს ვერ ხედავდა. ეს აფხაზებმაც იცოდნენ. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში — ბევრი აეროპორტი დაიკეტა, ადლერის აეროპორტი ძლივს მუშაობს, ახლა უზარმაზარი დატვირთვა აქვს“, — ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, სწორედ მაშინ დაიწყო თანმიმდევრული საუბარი აფხაზეთში აეროპორტის აღდგენაზე და, თუ მანამდე ეს მხოლოდ აფხაზების ოცნება იყო, ომის შემდეგ ამან რეალური კონტურები შეიძინა:
„ადლერის გადატვირთვის ფონზე აფხაზეთის აეროპორტი რუსეთისთვის გახდა დამატებითი რესურსი — და გარკვეულწილად, შავი ხვრელი, რომლის საშუალებითაც სანქციების გვერდის ავლით საქართველოს გავლით ტვირთების გატანაა შესაძლებელი.“
ტერმინალი ენგურთან და აეროპორტი: „ეს ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება“
ზაქარეიშვილის აზრით, გალის რაიონში, ენგურის ხიდთან აშენებული დიდი ტერმინალი სწორედ სქემის ნაწილია. ის ფიქრობს, რომ ტვირთები თურქეთიდან შემოდის საქართველოს გავლით და შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიიდან გააქვს რუსეთს:
„ეს ტერმინალი აეროპორტზეა მიბმული. ტვირთები შემოდის, ფუთავენ, ნაწილი სახმელეთო გზით გადააქვთ რუსეთში, ხოლო შორეული რეგიონებისთვის — თვითმფრინავებით. რატომ არ აშენდა ასეთი ტერმინალი, მაგალითად, გაგრაში? იმიტომ, რომ ტვირთების ნაკადი სწორედ გალის მხრიდან შედის. მით უმეტეს, აფხაზეთს ასეთი მოცულობის ტერმინალი საერთოდ არ სჭირდება.“
ამიტომ, ამ ლოგიკას მე ვხედავ მკაფიოდ და ცალსახად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვერავინ გააკონტროლებს, აფხაზეთში რა ხდება და ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერც ქართულ მხარეს გამოიჭერს ამაში, რომ ხელს უწყობს სანქციების ავლას რუსეთისთვის, ვერც რუსეთს და, მით უმეტეს, ვერც არაღიარებულ აფხაზეთს. სწორედ ამ კონტექსტში მოხდა ამ აეროპორტის აღდგენა, ჩემი აზრით”.
„ოცნებას ექნება ეკონომიკური სარგებელი და ამიტომაა ჩუმად“
ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ქართული ხელისუფლება რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიას პირდაპირ ხელს არ მოაწერს, მაგრამ არც ხელს შეუშლის რუსეთს ამ სქემის განვითარებაში:
„აეროპორტის გახსნაზე იყო მხოლოდ ნელთბილი პროტესტი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან — რაღაც ხომ მაინც უნდა ეთქვათ. სინამდვილეში, მე ვფიქრობ, რომ ოცნებას ექნება ეკონომიკური სარგებელი და ამიტომაცაა ჩუმად. ოცნება უბრალოდ აბარებს აფხაზეთს რუსეთს. ამიტომ დაიწყო სამარცხვინო კამპანია ნაციონალური მოძრაობის გასამართლების, ბოდიშების და ა.შ. – ამით მოამზადეს ნიადაგი”.
„ბიჭვინთასაც ისე მიითვისებენ, როგორც უნდათ – საქართველო ხმას არ ამოიღებს“
ზაქარეიშვილი ასევე მიუთითებს, რომ არც ბოლოდროინდელ რუსულ კანონმდებლობრივ ინიციატივებზე გამოუხატავს თბილისს უკმაყოფილება:
„ბოლო დროს რაც ხდება აფხაზეთში — აპარტჰოტელები, რუსული ინვესტიციები — არაფერზე პროტესტი არ გამოუთქვამთ. ბიჭვინთასაც მიითვისებენ. საქართველო ამას არ შეეწინააღმდეგება და რუსეთის ანექსიას გზას გაუხსნის.“
ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც რუსეთის მიმართ სანქციების დიდი ნაწილი კვლავ ძალაში იქნება და აფხაზეთის აეროპორტის, ისევე როგორც პორტების, სატვირთო ფუნქციით გამოყენება რუსეთის გრძელვადიანი გეგმაა.
“რუსეთმა მშვენივრად იცის, რომ ომის დასრულების შემდეგაც ძირითადი სანქციები ისევ გაგრძელდება და აფხაზეთს ამზადებს, როგორც პლაცდარმს, სანქციების გვერდის ასავლელად, სადაც საქართველოს მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ”.
წყარო: "ნეტგაზეტი"