ჯანდაცვის სექტორი ე.წ. შემავსებელი პაკეტების დაბრუნებას განიხილავს. „დაშენებული“ ანუ შემავსებელი სადაზღვევო პაკეტები ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წელს გააუქმა. დაზღვევის კავშირის გენერალური მდივანი, ლაშა ნიკოლაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ 2017 წელს აღნიშნული პაკეტების გაუქმება სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მას შემდეგ დრო გავიდა და სექტორს რეალური ცვლილებები სჭირდება. 

სადაზღვევო სექტორი ინიციატივით გამოდის – დასაქმებულებისთვის შეიქმნას განსხვავებული, მიზნობრივი სადაზღვევო პაკეტები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვასთან წინააღმდეგობაში არ მოვა და მოქალაქეებს სრულფასოვანი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

„საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის თებერვალში დაიწყო. ამავე წლიდან გარკვეული შეთავაზებები ადამიანთა მიზნობრივ ჯგუფებს ჰქონდათ, თუმცა ეს შეთავაზებები რადიკალური არ იყო - პენსიონერებს, სტუდენტებს, ბავშვებს მეტი შეთავაზება ჰქონდათ, მაგრამ ეს დასაქმებულებზე არ ვრცელდებოდა. 2017 წელს ე.წ. დაშენებული პაკეტები გაუქმდა. სახელმწიფომ მკაფიოდ თქვა, დასაქმებული ადამიანი, რომელიც არც ერთი პარამეტრით მოწყვლადი არ არის და გადაწყვეტს სადაზღვევო პაკეტის შეძენას, კონკრეტული შეთავაზებები შეუნარჩუნდება, თუმცა გეგმური შეუჩერდებათო. 

შეზღუდვამ თავისი მისია შეასრულა, თუმცა იმის შემდეგ ბევრი დრო გავიდა და ცვლილებები ამ მიმართულებით აღარ ყოფილა. სადაზღვევო სექტორი ამბობს, რომ საყოველთაო დაზღვევის შეჩერების შიშით, დასაქმებული ადამიანები კერძო დაზღვევას აღარ ირჩევენ. მათი ინიციატივა იყო, რომ მოქალაქეებს შეთავაზებდნენ მხოლოდ ისეთ პროდუქტს, რომელიც საყოველთაო დაზღვევაში არ შედის და საყოველთაო დაზღვევამ დასაქმებულებს არ შეუზღუდოს ის სერვისები, რომლებიც კერძო სექტორს აქვს. შედეგად მივიღებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა თავის ნაწილში იმუშავებს და წინასწარ გადახდის ნაწილს შეუჩერდეს კერძო დაზღვევაში მონაწილეობა. კერძო დაზღვევას მოქალაქეები ჰოსპიტალურ სერვისთან ერთად, იმ სერვისებისთვისაც იყენებენ, რაც საყოველთაოში არ შედის, მაგალითად, ფართო სპექტრის ამბულატორიულ კვლევებს, ამბულატორიულ სხვა სერვისებს, სტომატოლოგია და ფარმაციულ პაკეტებზე აფთიაქებში. თუ სახელმწიფო და კერძო დაზღვევა შეთანხმდებიან, რომ დასაქმებულებს განსხვავებულ პროდუქტს შესთავაზებენ და მეორე მხარე საყოველთაო ჯანდაცვას არ შეზღუდავს, ძალიან კარგი იქნება. ეს გამოიწვევს იმას, რომ დასაქმებულთა ნაწილი, რომელიც ისევ საყოველთაო დაზღვევას იყენებს, კერძო დაზღვევასაც შეიძენს და ჯანდაცვის სერვისებში მოქალაქეებს ნაკლები დაეხარჯებათ",- აღნიშნა ლაშა ნიკოლაძემ.