9 მაისს უკრაინის ქალაქ ლვოვში ევროპის 20-ზე მეტი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

სპეციალური ტრიბუნალი ევროპის საბჭოს ფარგლებში შეიქმნება.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ე.წ. "ძირითადმა ჯგუფმა", რომელიც 37 ქვეყანას აერთიანებს, ტრიბუნალის სამართლებრივი მექანიზმების მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების ნიშნად ე.წ. "ლვოვის დეკლარაციას" ხელი მოაწერეს.

Reuters-ის ინფორმაციით, ტრიბუნალი, სავარაუდოდ, მუშაობას მომავალ წელს დაიწყებს.

"ეს ტრიბუნალი უზრუნველყოფს, რომ აგრესიაზე ყველაზე მეტი პასუხისმგებლობის მქონე პირები პასუხისგებაში იქნებიან მიცემულნი". - განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი საკუთარ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთის პასუხისმგებლობაში მიცემა ევროპის მორალური ვალდებულებაა.

"ძლიერ ტრიბუნალს შეუძლია ნებისმიერი პოტენციური აგრესორი ორჯერ დააფიქროს". - თქვა ზელენსკიმ.

"ვფიქრობ, ეს სასარგებლო ნაბიჯია, რადგან ავსებს იმ სიცარიელეს, რაც დღეს არსებობს. კერძოდ, როგორ შეიძლება ქვეყნის ხელმძღვანელობის გასამართლება სხვა ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიისთვის". - განუცხადა ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრმა დევიდ ვან ვეილმა Reuters-ს.

ტრიბუნალის შექმნას მხარი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმაც დაუჭირა.

"80 წლის შემდეგ ჩვენ კვლავ ფრონტის ხაზზე ვართ, უკრაინაში ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ვუგზავნით ძლიერ გზავნილს პუტინს, მის გარემოცვას და მის მოკავშირეებს: თავისუფლება გაიმარჯვებს". - განაცხადა ლემმა.

წყარო: tabula.ge