„მზის ვიტამინს“ შესაძლოა ბნელი მხარეც ჰქონდეს. როგორც D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს, ასეთივე შედეგები შეიძლება ჰქონდეს სიჭარბესაც.
უკვე წლებია, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ D ვიტამინის საკვები დანამატების მიღება ყველას არ სჭირდება და იშვიათ შემთხვევებში, მაღალი დოზა შეიძლება ტოქსიკურიც იყოს, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის.
დანამატის პოპულარობის ზრდასთან ერთად, ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რომ პაციენტებმა და ექიმებმა იცოდნენ დოზისა და უარყოფითი მხარეების შესახებ. რისკები შეიძლება იშვიათი იყოს, მაგრამ მზარდია და ყველაზე ცუდ შემთხვევებში, შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშიც კი იყოს.
D ვიტამინის ჭარბი რაოდენობა ზრდის კალციუმის შეწოვას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია — მდგომარეობა, როცა კალციუმი წარმოქმნის სახიფათო დანალექებს არტერიებში ან რბილ ქსოვილებში. ამან შეიძლება გაზარდოს თირკმლის კენჭების რისკი, დაარღვიოს ძვლების მეტაბოლიზმი და გამოიწვიოს უსიამოვნო სიმპტომების მთელ კრებული. მათ შორის, ღებინება, ყაბზობა, დაღლილობა, კუნთების სისუსტე ან ძვლების ტკივილი.
D ვიტანიმის ტოქსიკურობისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა უმეტესობა ამ დანამატის მიღებას წყვეტს და ინტრავენური სითხეებით (IV) თერაპიას იღებენ, ანდაც კალციუმის დონის შესამცირებელ პრეპარატებს. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, მკურნალობის გარეშე, D ვიტამინის ტოქსიკურობამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, რაც ჰემოდიალიზს საჭიროებს ან შეიძლება ფატალური ნაწლავური სისხლდენაც გამოიწვიოს.
ზოგიერთი კვლევა იმასაც მიუთითებს, რომ სისხლში D ვიტამინის მაღალი დონის მქონე ხანდაზმულები შეიძლება დაცემის მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ.
2018 წელს ჩატარებულ მიმოხილვაში, ამერიკელი მკვლევრები გვაფრთხილებენ „მნიშვნელოვანი თვითკმაყოფილების“ შესახებ D ვიტამინის ტოქსიკური ეფექტების პოტენციალთან დაკავშირებით. მეცნიერები ჯერ ვერ თანხმდებიან, ზუსტად რამდენი D ვიტამინი შეიძლება ჩაითვალოს ჭარბად.
„D ვიტამინისადმი ინტერესის მკვეთრ ზრდასთან ერთად, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია პოპულარული წიგნებით, რომლებიც ადიდებენ D ვიტამინის მაღალი დოზების დამსახურებებს, ალბათ არ არის გასაკვირი, რომ ასე გაიზარდა D ვიტამინის ტოქსიკურობის შემთხვევათა რაოდენობა“, — წერენ მკვლევრები 2018 წლის მიმოხილვაში.
D ვიტამინს მზის ვიტამინსაც უწოდებენ, რადგან სხეული მას მაშინ გამოიმუშავებს, როცა მზის სინათლის ზემოქმედების ქვეშაა. როგორც წესი, ამ გზით სხეული D ვიტამინის ინდივიდუალური საჭიროების 90 პროცენტს იღებს, დანარჩენს კი ვიღებთ ამ ვიტამინის შემცველი საკვებიდან, მაგალითად, ცხიმიანი თევზიდან ან გამდიდრებული რძის პროდუქტებით.
D ვიტამინი სხეულს ეხმარება კალციუმის შეწოვაში და იმუნური ფუნქციის შენარჩუნებაში, უჯრედთა ზრდაში, მეტაბოლიზმში და ნერვ-კუნთოვან აქტივობაში. ხანგრძლივი პერიოდით D ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება გაზარდოს ნეიროდეგენერაციული დაავადებების, ავტოიმუნური დაავადებების, ძვლის დაავადებებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი.
თუმცა, საკამათოა, გვეხმარება თუ არა რამეში D ვიტამინის საკვები დანამატები. მართალია, ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ ეს დანამატები ანელებს დაბერებას, აძლიერებს შემეცნებას ანდაც ამსუბუქებს დეპრესიის სიმპტომებს, სხვა მეცნიერებს მის ეფექტიანობაში ეჭვი შეაქვთ.
ამას გარდა, ეს დანამატები რისკების გარეშე არ არის. D ვიტამინით მოწამვლის შემთხვევების უმეტესობა გამოწვეულია D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობისას დაშვებული შეცდომებით.
მაგალითად, ერთი გამორჩეული შემთხვევა ეხება 80 წლის კაცს, რომელმაც შემთხვევით D ვიტამინის ტაბლეტების ერთი კვირის დოზა მიიღო, როცა გამოწერილი ჰქონდა დღეში ერთი აბი. საბედნიეროდ, მისი ჰიპერკალცემიის პრობლემა მას შემდეგ მოგვარდა, რაც შეცდომა აღმოაჩინეს და დანამატის მიღება შეწყვიტა.
თუმცა, დოზასთან მიმართებით სიფრთხილე მხოლოდ ხანდაზმულებს როდი მართებთ. 2016 წელს, დანიის ჯანდაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქსელიდან ამოიღო დანამატი, რომელიც D ვიტამინს რეკომენდებულ დონეზე 75-ჯერ მეტს შეიცავდა. ამ კაფსულების გამო, დაახლოებით 20 ბავშვს განუვითარდა ტოქსიკური ეფექტები.
მსგავსი პრობლემა სულ უფრო გახშირდა აშშ-შიც.
2000 წლიდან 2014 წლამდე, აშშ-ში D ვიტამინით მოწამვლის 25 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 2005 – 2011 წლებში ასეთი შემთხვევები 1600 პროცენტით გაიზარდა; უმეტეს შემთხვევაში, საქმე ეხებოდა ბავშვებსა და მოზარდებს.
საბედნიეროდ, იმ პერიოდში არ დაფიქსირებულა ფატალური შემთხვევა, მაგრამ ხუთ შემთხვევაში დადგა სერიოზული სამედიცინო შედეგები.
„შეხედეთ რიცხვებს. თუ D ვიტამინის საკვებ დანამატს იღებთ, არ გჭირდება დღეში 15 – 20 mcg-ზე მეტი. თუ ექიმი არ გირჩევთ, არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ დღეში 100 mcg-ს, რაც უსაფრთხო ზედა ზღვრად მიიჩნევა“, — წერს ჰარვარდის სამედიცინო სკოლა D ვიტამინის შესახებ გამოცემულ ახალ მიმოხილვაში.
ჰარვარდის ექიმები გვირჩევენ, რომ თუკი ვინმეს D ვიტამინის დეფიციტი აქვს, უნდა დაიწყონ ამ ვიტამინით მდიდარი საკვებით, რადგან ამ შემთხვევაში მოწამვლის საფრთხე თითქმის არ არსებობს.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.