მადლობას ვუხდი ევროკავშირსა და ყველა წევრ ქვეყანას სანქციების ძლიერი მე-19 პაკეტის მიღებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ეს ევროპის ერთიანობის დემონსტრირებაა მაშინ, როდესაც რუსეთი ომის ესკალაციას ახდენს და მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმებს აძლიერებს. სანქციები იმ სფეროებს იღებს მიზანში, რომლებიც მოსკოვს ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს: ნავთობისა და გაზის სექტორს, „ჩრდილოვან ფლოტსა“ და თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსს. ასევე, პირველად, სანქციები შეეხო კრიპტო პლატფორმებსა და კრიპტოვალუტის სქემებს, რომლებსაც რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით იყენებს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და აშშ ერთად მოქმედებენ, რათა რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ“.
„სანქციების გამოყენებით ზეწოლა უნდა გაიზარდოს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო, რომელიც შეზღუდვებს აწესებს რუსული ბანკების, კრიპტო ბირჟების და ინდოეთსა და ჩინეთში არსებული სუბიექტების წინააღმდეგ. ასევე, სანქციების მე-19 პაკეტი ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.