მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა სამუშაო ძალის სიდიდის მიხედვით, ტოპ-20 ქვეყანა გამოავლინა. მსოფლიო სამუშაო ძალა – დასაქმებულთა ან სამსახურის აქტიურად მაძიებელთა საერთო რაოდენობა – გლობალური დემოგრაფიისა და ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ბევრ რამეს გვეუბნება.

სამუშაო ძალის თვალსაზრისით, მსოფლიოში პირველ და მეორე ადგილზე აზიური სახელმწიფოებია: ჩინეთი (774 მილიონი) და ინდოეთი (608 მილიონი). მათი ერთად აღებული მაჩვენებელი მსოფლიო სამუშაო ძალის 40%-ზე მეტს შეადგენს, რაც რეგიონს როგორც წარმოებაში, ისე მომსახურების სექტორში, მნიშვნელოვან როლს ანიჭებს.

ამას ემატება აზიის სხვა ეკონომიკების — ინდონეზიის, პაკისტანის, ბანგლადეშისა და ვიეტნამის მონაცემები, რომლებიც კონტინენტის მაჩვენებელს კიდევ ათობით მილიონ სამუშაო ძალას მატებენ, რაც რეგიონის ძლიერ ეკონომიკურ გავლენას უსვამს ხაზს.

ამერიკის შეერთებული შტატები 174 მილიონი მუშახელით მესამე ადგილზეა. ქვეყანას დინამიკური შრომითი ბაზარი აქვს, რომელსაც ემიგრაცია და მომსახურებაზე დაფუძნებული ეკონომიკა აძლიერებს.

იაპონიაში 69 მილიონი ადამიანი მუშაობს, ხოლო გერმანიაში — დაახლოებით 44 მილიონი. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დემოგრაფიული დაბერებისა, ეს ქვეყნები მაღალ პროდუქტიულობასა და ტექნოლოგიურ ლიდერობას ინარჩუნებენ.

რაც შეეხება აფრიკის ქვეყნებს, ისინი შრომით ბაზარზე ადგილს სწრაფად იკავებენ. მაგალითად, ნიგერია უკვე მეხუთე ადგილზეა 113 მილიონი მუშახელით, ხოლო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 38 მილიონზე მეტი ადამიანია ეკონომიკურად აქტიური.

ექსპერტების შეფასებით, 2050 წლისთვის აფრიკის სამუშაო ძალა გაორმაგდება, რაც, სავარაუდოდ, გლობალურ ვაჭრობასა და მიგრაციის პროცესებზე მოახდენს გავლენას.

ტოპ-20 ქვეყანა სამუშაო ძალის სიდიდის მიხედვით:
ადგილი ქვეყანა სამუშაო ძალა (ადამიანი)
1 ჩინეთი 773,879,678
2 ინდოეთი 607,691,498
3 აშშ 174,173,594
4 ინდონეზია 143,143,940
5 ნიგერია 113,349,564
6 ბრაზილია 106,790,403
7 პაკისტანი 83,643,815
8 ბანგლადეში 77,355,168
9 რუსეთი 72,516,535
10 იაპონია 69,382,089
11 მექსიკა 60,958,888
12 ვიეტნამი 57,133,476
13 ეთიოპია 54,470,278
14 ფილიპინები 50,979,290
15 გერმანია 43,772,213
16 ტაილანდი 40,623,017
17 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 38,546,033
18 თურქეთი 36,080,817
19 გაერთიანებული სამეფო 35,358,530
20 ეგვიპტე 33,748,776

წყარო: forbes.ge