ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთი ჩრდილოვან საზღვაო "დერჟავად" გადაიქცა. ჟანგიანი ტანკერები ცურავენ უცნაური სახელმწიფოების დროშების ქვეშ, რაც საშუალებას აძლევს აგრესორ ქვეყანას, გვერდი აუაროს დასავლურ სანქციებს, რაც უკრაინის ომის გამო რუსულ ნავთობზე დაწესდა. ეს არმადა თვალსაჩინოდ იზრდება და დღეს იგი გამოიყენება არა მხოლოდ რუსეთის მთავარი საექსპორტო პროდუქტის ფარულად გადასაზიდად, არამედ ევროპის წინააღმდეგ დივერსიებისა და ჰიბრიდული ოპერაციებისთვისაც.
ექსპერტების თქმით,"ჩრდილოვანი ფლოტი“ მხოლოდ დასავლეთის მიერ დაწესებულ ნავთობის სანქციების ეფექტს არ ამცირებს, ის მომავალში საფრთხეს უქმნის მთელ გლობალურ საზღვაო გადაზიდვებს, ვაჭრობასა და პლანეტის ეკოლოგიასაც. მათივე შეფასებით, თუნდაც ომი და სანქციები დასრულდეს, ჩრდილოვანი ტანკერების ეს ფლოტი არსად გაქრება.
-
რა არის "ჩრდილოვანი ფლოტი", რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე და შესაძლებელია თუ არა მის წინააღმდეგ რამე გაკეთდეს? - ამ საკითხზე bbc- ის მიერ მომზადებულ სტატიას გთავაზობთ.
"ჩრდილოვან ფლოტს“ უწოდებენ რუსეთის საკუთრებაში არსებულ ტანკერებს, რომლითაც კრემლი დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლას და საქონლის წარმომავლობის დამალვას ცდილობს.
- ტერმინი 2022 წლის დეკემბერში გაჩნდა. ომამდე რუსული ნავთობის ექსპორტი, თითქმის სრულად, დასავლური, ძირითადად ბერძნული ტანკერებით ხდებოდა. ვაჭრობა შვეიცარიაში ხორციელდებოდა, ხოლო დაზღვევა ლონდონში ჰქონდათ. ექსპერტთა შეფასებით, ახლა "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერების მეშვეობით ხორციელდება რუსეთის ნავთობის თითქმის 70%-ის ექსპორტი.
აღსანიშნავია, რომ ფლოტში შემავალი ყველა გემი რუსეთს არ ეკუთვნის: დასავლეთის სანქციების ქვეშ მყოფი კიდევ ორი მსხვილი მწარმოებელი - ირანი და ვენესუელა - დიდი ხანია, რაც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფარულ ტრანსპორტირებას ზღვით ახორციელებენ.
თუმცა, რუსეთი გაცილებით მეტს აწარმოებს და შეერთებულ შტატებთან და საუდის არაბეთთან ერთად, ნავთობის სამ უმსხვილეს ექსპორტიორს შორისაა.
Standard & Poor's-ის მონაცემებით, ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტის ნახევარს მხოლოდ რუსული ნავთობი და პროდუქტები გადააქვს, ხოლო მეხუთედს - მხოლოდ ირანულ ნავთობი. თუმცა, სწრაფად იზრდება არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე ქვეყნის მომსახურე გემების რაოდენობა. ამ გემების მფლობელის უმეტესობა რუსი ნავთობმომპოვებლების, ირანელი აიათოლებისა და ვენესუელელი გენერლების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. სხვები დამოუკიდებელი ბიზნესმენები არიან, მათ შორის დასავლელი ბიზნესმენებიც. მაგალითად, აშშ-ის სანქციების სიაში შედიან ბრიტანეთის, საფრანგეთისა და საბერძნეთის მოქალაქეები, რომლებიც ჩრდილოვან ფლოტთან არიან კავშირში.
-
რა არის "ჩრდილოვანი ფლოტის" დანიშნულება?
პირველ რიგში, ეს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლას ემსახურება. მეორეც, საეჭვო სქემები ნავთობის წარმოშობის დამალვის საშუალებას იძლევა, რაც მყიდველებს აშშ-სა და ევროპის მხრიდან მეორადი სანქციებისგან იცავს. ეს გაყიდვების ბაზრებს აფართოებს.
-
რატომ ჰქვია ფლოტს "ჩრდილოვანი?"
მისი ტანკერები არ აკმაყოფილებენ საზღვაო ტრანსპორტის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სტანდარტებსა და რეგულაციებს. მაგალითად:
- ისინი თიშავენ AIS ტრანსპონდერებს, რომლებიც სხვა გემებს გადასცემენ მონაცემებს ტანკერის პოზიციის, სიჩქარის, კურსის, სახელის, დროშისა და ტიპის შესახებ.
- სიგნალს აყალბებენ გამოგონილი ადგილმდებარეობის გადაცემით.
- არ ამჟღავნებენ ინფორმაციას მფლობელების შესახებ, თვეში რამდენჯერმე იცვლიან დროშებსა და სახელებს.
- ჯართისთვის განკუთვნილი გემების IMO ნომრებს (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ გემებისთვის მინიჭებული უნიკალური ნომრები) იყენებენ.
-
რა პრობლემებს იწვევს ჩრდილოვანი ფლოტი?
სანქციებისთვის თავის არიდება: ფარული გადაზიდვები კრემლს ომის დაფინანსების საშუალებას აძლევს. ინდუსტრიული ფასების სააგენტო Platts-ის მონაცემებით, რაც უფრო დიდია ჩრდილოვანი ფლოტი, მით უფრო მცირეა ფასდაკლება რუსულ ნავთობზე.
ჰიბრიდული ომი: ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები არაერთხელ დააკავეს და ევროპაში ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ დივერსიაში დაადანაშაულეს.
გარემოსდაცვითი საფრთხე: ჩრდილოვანი ფლოტი ძველია. გაფუჭებული ან გამორთული ტრანსპონდერი ზრდის ვიწრო წყლებში სხვა გემებთან შეჯახების რისკს.
ადამიანური ფაქტორი: ჩრდილოვანი ფლოტის ეკიპაჟს ბოლო წუთს ირჩევენ. ერთი მხრივ, ეს გავლენას ახდენს მეზღვაურების დამოკიდებულებაზე გემის მიმართ და ზრდის ავარიების რისკს. მეორე მხრივ, ჩრდილოვანი გემების მფლობელები სულ უფრო ხშირად ტოვებენ ეკიპაჟის წევრებს გაჩერებულ ან მწყობრიდან გამოსულ ტანკერებზე, რაც მათ თვეების ან წლების განმავლობაში გემზე გაჭედვის რისკის ქვეშ აყენებს.
-
რა ზომისაა "ჩრდილოვანი ფლოტი"?
S&P Global-ის ექსპერტებმა დაახლოებით 1000 "ჩრდილოვანი“ ტანკერი დაითვალეს. მათ განიხილეს მხოლოდ დიდი ტევადობის გემები, რომლებსაც 27 000 ტონაზე მეტი ტვირთის გადაზიდვა შეეძლოთ - Seawaymax, Panamax, Aframax, Suezmax და VLCC სუპერტანკერები.
კიდევ ერთი საზღვაო საკონსულტაციო ფირმის, Windward-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ჩრდილოვან ფლოტში დაახლოებით 1300 გემია .
-
როგორ მუშაობს "ჩრდილოვანი ფლოტი"?
ტანკერებით ტვირთი სანქცირებული ქვეყნების პორტებიდან საერთაშორისო წყლებში გადააქვთ, სადაც ნავთობი და პროდუქტები უფრო დიდ ტანკერებზე გადაიზიდება, რომელთა ტრანსპორტირებაც უფრო იაფი და სწრაფია.
S&P-ის ანალიტიკოსების ცნობით, წლის პირველ ნახევარში ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები ყველაზე ხშირად არა რუსეთში ან ირანში, არამედ მალაიზიის სანაპიროებთან იტვირთებოდა. ფლოტი, ძირითადად, რუსული ნავთობის ინდოეთსა და ჩინეთში გადაზიდვას ახორციელებს. მცირე მყიდველებს შორის არიან: თურქეთი, სინგაპური და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ჩრდილოვანი ფლოტის მონიტორინგი სერიოზულად მხოლოდ წელს დაიწყეს, როდესაც რუსეთმა მისი გამოყენება არა მხოლოდ ნავთობის სანქციებისგან თავის დასაღწევად, არამედ ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული ოპერაციებისთვისაც დაიწყო.
დასავლეთი ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით მისი შეჩერება არ შეუძლია. სანქციები და დაკავებები კი რთულია. გემის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ პორტში ან ტერიტორიულ წყლებში - ვიწრო ზონაში, რომელიც სანაპიროდან 12 საზღვაო მილის დაშორებით მდებარეობს. საერთაშორისო წყლებში ეს გაცილებით რთულია, მით უმეტეს, რომ დასავლეთი მსოფლიოში ნავიგაციის თავისუფლების წამყვანი დამცველია.
"ჩრდილოვანი ფლოტის" გემების წინააღმდეგ სანქციები მუდმივად მოქმედებს. აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი პერიოდულად აახლებენ თავიანთ სიებს, თუმცა ტანკერები ხელახლა რეგისტრირდებიან და სახელებს იცვლიან, რაც შემდგომ განახლებას საჭიროებს.
-
რა როლს ასრულებს "ჩრდილოვანი ფლოტი" ჰიბრიდულ ომში?
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები ეჭვმიტანილები იყვნენ ნატოს ქვეყნებს ბალტიის ზღვაზე დამაკავშირებელი კაბელების დაზიანებაში. შედეგად, ნატოს ქვეყნებმა ბალტიის ზღვის ფსკერზე კაბელების დასაცავად დაიწყეს Baltic Sentry-ის მისია. გაერთიანებულმა სამეფომ კი თავისი სანაპირო ზოლის მახლობლად რუსული დივერსიისთვის მზადება დაიწყო.
რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტთან“ ბრძოლა ევროპისა და უკრაინისთვის გრძელვადიან გამოწვევად რჩება. ერთი მხრივ, სანქციების გამკაცრება და გემების დაკავების მცდელობები ზიანს აყენებს რუსეთის ექსპორტს. მეორე მხრივ, მოსკოვის მხრიდან ესკალაცია, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენება, ზრდის პირდაპირი შეტაკებების რისკებს, განსაკუთრებით ისეთ მგრძნობიარე რეგიონებში, როგორიცაა ბალტიისა და შავი ზღვები.