ლონდონის „ჩელსი“ FIFA-ს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ტურნირის ფინალში ინგლისურმა გუნდმა UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ 3:0 დაამარცხა.
ისტ რუზერფორდის (ნიუ ჯერსი) „მეტლაიფ სტედიუმზე“ გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ფრანგული გრანდის ძირითად შემადგენლობაში იყო. მატჩს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპიც დაესწრნენ.
„პარი სენ-ჟერმენს“ სეზონში მეოთხე ტიტულის მოგების შანსი ჰქონდა — გუნდი გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა.
შეხვედრაში „ჩელსი“ 22-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ კოულ პალმერის გოლით დაწინაურდა, რომელმაც რვა წუთში დუბლი შეასრულა. პირველ შემთხვევაში საგოლე პასი მალო გუსტოს ანგარიშზეა, ხოლო მეორე გოლის დროს ასისტი ლივაი კოლუილმა ჩაიწერა აქტივში.
43-ე წუთზე ჟოაო პედროს გოლით ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული უკვე 0:3 აგებდა, პალმერმა თავი ამჯერად საგოლე გადაცემით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი „ჩელსის“ ტურნირის მიმდინარეობისას შეუერთდა. მან ნახევარფინალში „ფლუმინენსესთან“ დუბლის შესრულებაც მოახერხა.
მეორე ტაიმში პირველი სახიფათო მომენტი კვარაცხელიას დარტყმით შეიქმნა — „ჩელსის“ მეკარემ, რობერტ სანჩესმა ბურთი ვერ შეიმაგრა, თუმცა დამატებაზე პარიზელთა თავდამსხმელებმა მცველებს ვერ დაასწრეს.
58-ე წუთზე „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან გაიყვანა, მის ნაცვლად თამაშში ბრედლი ბარკოლა ჩაერთო. ქართველმა ფეხბურთელმა ტურნირი ერთი გოლითა და ორი ასისტით დაასრულა.
ამის შემდეგ მატჩში არაფერი შეცვლილა, „პარი სენ-ჟერმენის“ მდგომარეობა კი კიდევ უფრო 85-ე წუთზე დამძიმდა, მსაჯმა მოედნიდან ფრანგების ნახევარმცველი ჟოაო ნევეში გააძევა, მან მარკ კუკურელიას თმაზე მოქაჩა.
შედეგად, „ჩელსიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ მოიგო. პირველი ტიტული ლონდონურმა კლუბმა 2021 წელს მოიპოვა. ამ მაჩვენებლით „ჩელსი“ ბრაზილიურ „კორინთიანსსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ გაუთანაბრდა. მათზე მეტჯერ შეჯიბრება მხოლოდ „ბარსელონამ“ (სამი) და მადრიდის „რეალმა“ (ხუთი) მოიგეს.
წელს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი განახლებული ფორმატით ჩატარდა. მასში მონაწილეობას ექვსი კონტინენტის 32 გუნდი იღებდა. შემდეგი გათამაშება 2029 წელს გაიმართება, ფიფა-ს მასპინძელი ქვეყანა ჯერ არ დაუსახელებია.