Galt & Taggart-ის ეკონომიკის კვირის მიმოხილვის მიხედვით, 2025 წლის 6 თვეში საქართველომ ტურიზმიდან ჯამში 2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.
ორგანიზაციის შეფასებით, 2025 წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად 7.0%-ით გაიზარდა და 1.6 მლნ მოგზაური შეადგინა.
„ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 10.7%-იანმა ზრდამ განაპირობა (80.1% მთლიან ვიზიტებში), მაშინ როცა ერთდღიანი ვიზიტები წლიურად 5.4%-ით შემცირდა. ვიზიტორების მთლიან ზრდაში ყველაზე მაღალი კონტრიბუცია შეიტანა ვიზიტორების ზრდამ რუსეთიდან (+16.0% წ/წ), რომელსაც მოჰყვება ვიზიტორების ზრდა აზერბაიჯანიდან (+46.7% წ/წ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანიდან სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილი რჩება), ევროკავშირიდან (+20.5% წ/წ), სომხეთიდან (+7.2% წ/წ) და ინდოეთიდან (+33.5% წ/წ). ამასთან, ვიზიტორთა შემცირება თურქეთიდან (-16.5% წ/წ) და ირანიდან (-8.2% წ/წ) ყველაზე მაღალი უარყოფითი წვლილით გამოირჩეოდნენ აღნიშნულ პერიოდში.
ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (56.9%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (42.5%-იანი წილი). ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 9.1%-ით გაიზარდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა 2025 წლის მეორე კვარტალში.
ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2.0 მლრდ აშშ დოლარს (+6.2% წ/წ) გაუტოლდა, ჩვენი შეფასებთ. ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმის შესავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.