სტუმარმასპინძლობის სექტორში კადრების დეფიციტის პრობლემაზე BMGTV-ის ეთერში რესტორან "მეგრული სახლის" დამფუძნებელი, ეკა ჯალაღონია საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ანაზღაურებისა, ჰორეკა სექტორის ზოგიერთ პოზიციაზე დასაქმება არ სურთ.
"ეს სირთულე ყოველთვის იყო, განსაკუთრებით ჰორეკა სექტორში. ახლა კიდევ უფრო მეტად არის. ზოგჯერ ამბობენ, რომ სამსახური არ არისო; სამსახური არის, ანაზღაურებადი არის, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც მოდიან (და ბევრია ასეთი) თავიანთი "სქემა" აქვთ, როგორ არ უნდა იმუშაონ, მაგრამ ღირსეული ანაზღაურება მიიღონ.
ეს ძალიან სამწუხარო ამბავია და ბუნებრივია, ამ სფეროში ყველაზე დიდი სირთულეც. ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ თუნდაც მიმტანი, ბარმენი - ამ პოზიციებს არ აღიქვამს პროფესიად. ეს არის პროფესია, იმიტომ რომ მათ ყველაზე მეტად აქვთ ადამიანებთან კომუნიკაცია. ეს იმხელა უნარებს მოითხოვს, იმდენად შინაგანად მშვიდი ადამიანი უნდა იყოს, შინაგანი კულტურა უნდა ჰქონდეს, რომ ზუსტად იცოდეს, როგორ დაიცვას ის სუბორდინაცია, როგორ შეძლოს სწორი კომუნიკაციის დამყარება...
რა თქმა უნდა, ტრენინგებს გავდივართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი მიდგომები, რასაც უნდა მოერგოს ჩვენი თანამშრომელი, მაგრამ თუ არ უნდა ადამიანს და მხოლოდ მოსული არის იმისთვის, რომ არაფერი არ აკეთოს... ბევრია ეგეთი ადამიანი, რომელიც მოდის და მიდის, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ გვყავს კადრები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ 7-10 წლის განმავლობაში", - ამბობს ეკა ჯალაღონია.
კითხვაზე, რაში ხედავს ბიზნესი გამოსავალს, კადრების დეფიციტის გამოწვევის გადასაჭრელად, "მეგრული სახლის" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მთავარი პროფესიული სასწავლებლების განვითარება და ტურიზმის სფეროს პოპულარიზაციაა.
"საჭიროა, ტურიზმის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაცია ქვეყანაში და აუცილებლად პროფესიული სასწავლებლები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ევროპაში თუ ამერიკაში, როდესაც ადამიანი სკოლას ამთავრებს, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, მუშაობს და ხარჯებს თავად ფარავს. აქ არ არის ეს კულტურა, ვინაიდან სურვილიც ნაკლებია, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, სტუდენტს ანაზღაურებასაც ნაკლებს აძლევენ და ეგეც დიდი პრობლემაა", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ არ იცის, ეს საკითხი როგორ უნდა მოგვარდეს.