ლიეტუვას ხელისუფლების განცხადებით, 16 მარტს, საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა, ბელარუსის საზღვართან არსებულ შალჩინინკაის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, ქვეყანაში კონტრაბანდული გზით შემოტანილი საეკლესიო ზარი აღმოაჩინეს.
260-კილოგრამიანი ზარის ტრანსპორტირებას მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქე „მერსედეს სპრიტერის“ მიკროავტობუსით ახორციელებდა. შემოწმების შემდეგ, საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიღეს საეკლესიო ზარი, რომელიც ავტომობილში ჩანთების ქვეშ იყო დამალული. მანამდე, მძღოლს გაცხადებული ჰქონდა, რომ აკრძალული ან დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი არ გადაჰქონდა.
მოლდოველმა მძღოლმა ვერ წარმოადგინა რაიმე დოკუმენტი, რომელიც ზარის წარმომავლობას ან მფლობელის ვინაობას დაადასტურებდა. მან მებაჟეებს უთხრა, რომ ასეთი დოკუმენტაციის საჭიროების შესახებ ინფორმირებული არ იყო.
საბაჟოს წარმომადგენლებმა, რომლებმაც ეჭვი შეიტანეს, რომ ზარი, შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი ან უკრაინიდან მოპარული ქონება ყოფილიყო, ნივთი ამოიღეს და საქონლის დაკავების ოფიციალური ანგარიში შეადგინეს. მათ ასევე მიუთითეს საერთაშორისო სანქციების დარღვევის შესაძლებლობის შესახებ და დაიწყეს პროცედურები ნივთის საბაჟო კლასიფიკაციისა და ღირებულების დასადგენად.
ზარს ამჟამად ლიეტუვას კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის ექსპერტები სწავლობენ, რომლებიც შეაფასებენ, შეიძლება თუ არა ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად კვალიფიცირდეს.
მძღოლის განცხადების თანახმად, ზარი წარმოშობით რუსეთის ქალაქ პოდოლსკიდანაა და მისი გადატანა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქების, კირილისა და ნიკოლაის თხოვნით ხდებოდა. მისივე თქმით, ზარის საბოლოო დანიშნულების ადგილი მოლდოვა იყო, ტრანსპორტირება კი ბელარუსსა და ლიეტუვაზე გავლით უნდა მომხდარიყო.
ზარზე არსებული წარწერები მიუთითებს, რომ ის, შესაძლოა, XVII საუკუნის კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის, წმინდა პეტრე მოგილასადმი ყოფილიყო მიძღვნილი, რომელიც რეჩ-პოსპოლიტაში (პოლონეთის სამეფოსა და ლიეტუვას დიდი სამთავროს ერთიანი სახელმწიფო - რედ.) დიდად პატივცემული პიროვნება იყო.
გამოძიება გრძელდება. ლიეტუვას ხელისუფლება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანოებთან და საერთაშორისო სამართალდამცავ უწყებებთან ერთად, საეკლესიო ზარის წარმომავლობისა და სამართლებრივი სტატუსის დადგენაზე მუშაობს.
წყარო: 1 არხი