როგორც ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, სირიის ახალ ხელისუფლებასთან ორმხრივი დიალოგისა და ევროკავშირის ჩართულობის ფარგლებში ლიტვა ასადის რეჟიმის დროს სირიის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხსაც აყენებს.
"ლიტვა სირიის ახალი ხელისუფლებისგან ასადის რეჟიმის პოლიტიკისგან მკაფიო გამიჯვნას მოელის. ეს მოიცავს სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზების დახურვას, ასადის რეჟიმის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებასა და ასადის რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემის უზრუნველყოფას." – აცხადებს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტაბულასთან წერილობით კომენტარში.
სამინისტროს მიხედვით, ლიტვა აღნიშნულ საკითხებს აყენებს როგორც სირიასთან ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, ასევე სირიასთან ევროკავშირის ჩართულობის დონეზეც.
"[ლიტვა] სირიაში მიმდინარე პოლიტიკური ტრანზიციის განმავლობაში ამ საკითხების მოგვარებას მოელის". – განუცხადა სამინისტრომ ტაბულას.
ცნობისთვის, 17 ივლისს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა, სირიის ახალ ხელისუფლებასთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებაზე იმუშაოს.
მანამდე ევროკავშირმა სირიის სახალხო ასამბლეის პირველი სხდომა ქვეყნის პოლიტიკური გარდაქმნის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და განაცხადა, რომ ასამბლეამ ახალი კონსტიტუციის მიღებას, რეფორმების გატარებასა და ინკლუზიური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი.
ევროკავშირმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა ასამბლეასთან თანამშრომლობისა და სირიასთან პარტნიორობის გაღრმავების კუთხით, მათ შორის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის დაცვის მიზნით.
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის სწორედ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საერთო მიზნებზე თანამშრომლობა ასადის მმართველობის დროს მიღებული იმ გადაწყვეტილებების გაუქმებასაც უნდა მოიცავდეს, რომლებითაც სირიამ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა აღიარა.
"ლიტვა მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯები [სირიის] ახალი ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სამართლის, მათ შორის სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისადმი ერთგულების მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ევროკავშირის მიერ სირიასთან ჩართულობის გაგრძელების ფონზე, ლიტვა გააგრძელებს პრინციპული მიდგომის მხარდაჭერას, რომელიც რომელიც წაახალისებს ისეთ კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც ცხადყოფს ყოფილი რეჟიმის პოლიტიკისგან რეალურ გამიჯვნასა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი ერთგულებას." – განუცხადა ლიტვის საგარეომ ტაბულას.
სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დროს, აღიარა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა. ამის შემდეგ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ევროკავშირმა კი სირიის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევად შეაფასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
წყარო: Tabula.ge