Oracle-ის თანადამფუძნებლის, ლარი ელისონის ქონება სამშაბათს $10.4 მილიარდით შემცირდა, რის შედეგადაც იგი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეხუთე პოზიციაზე გადავიდა და ჯეფ ბეზოსს ჩამორჩა.

Forbes-ის მილიარდერთა რეალურ დროში განახლებადი სიის მიხედვით, ელისონის ქონება ამჟამად $249.7 მილიარდს შეადგენს, ხოლო ბეზოსის ქონება $252 მილიარდად არის შეფასებული. რეიტინგში მათ წინ ასევე იმყოფებიან სერგეი ბრინი ($272.7 მილიარდი) და ლარი პეიჯი ($295.6 მილიარდი). მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კი კვლავ ილონ მასკია $792.8 მილიარდით.

ელისონის ქონების შემცირება Oracle-ის აქციების ვარდნას უკავშირდება. კომპანიის აქციების ფასი სამშაბათს 4%-ზე მეტით დაეცა, ხოლო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჯამურმა დანაკარგმა 17%-ს გადააჭარბა. ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიაფდა სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებიც, მათ შორისაა AMD, Nvidia, Apple-ი, Micron-ი და Marvell-ი.

ბოლო შვიდ დღეში ელისონის ქონება დაახლოებით $47 მილიარდით შემცირდა. გასულ კვირას მისი ქონება $296 მილიარდად იყო შეფასებული, რაც მას მსოფლიოს მეორე უმდიდრეს ადამიანად აქცევდა.

ინვესტორების ყურადღება ახლა Oracle-ის ფინანსურ შედეგებზეა მიპყრობილი, რომელსაც კომპანია ოთხშაბათს, ბაზრის დახურვის შემდეგ გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Oracle-ი ერთ აქციაზე $1.96-ის მოგებას და $19.1 მილიარდის შემოსავალს დააფიქსირებს, რაც წინა წელთან შედარებით, შესაბამისად, 15%-იან და 20%-იან ზრდას ნიშნავს.

ბაზარი ასევე ელოდება, რომ კომპანიის შეკვეთების პორტფელი $661 მილიარდს მიაღწევს, რაც მარტში დაფიქსირებულ $553 მილიარდს თითქმის 20%-ით აღემატება. ეს მაჩვენებელი აღემატება ისეთი კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციას, როგორებიცაა Johnson & Johnson-ი, Costco და Caterpillar-ი, ხოლო მოცულობით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტსაც აჭარბებს.

ელისონი, რომელიც Oracle-ის დაახლოებით 41%-იან წილს ფლობს, ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურასა და ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე მზარდი მოთხოვნის ფონზე მნიშვნელოვნად გამდიდრდა. 2025 წელს ის ილონ მასკის შემდეგ მეორე ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ $400 მილიარდს გადააჭარბა. თუმცა, მიუხედავად წინა წლის რეკორდული ზრდისა, Oracle-ის აქციების ფასი 2025 წლის სექტემბრის პიკიდან დღემდე თითქმის 41%-ით არის შემცირებული, რადგან ინვესტორების ნაწილი AI-სექტორის მიმართ უფრო ფრთხილ დამოკიდებულებას იჩენს.

წყარო: forbes.ge