კრისტიან ჯუნტოლი ანდრია ბართიშვილის „იუვენტუსში“ ტრანსფერის განხორციელებას შეეცდება. ტურინული კლუბი მზადაა, 2009 წელს დაბადებულ ქართველთან კონტრაქტი გააფორმოს – ინფორმაციას იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ ავრცელებს.

„ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ში მიზნად ოთხეულში მოხვედრას ისახავს, რათა მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაში ითამაშოს. კლუბის ხელმძღვანელობა, ამავდროულად, მომავალზეც ზრუნავს. „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი, კრისტიან ჯუნტოლი, „ნაპოლიში“ კვარაცხელიას ტრანსფერის შემდეგ, მზადაა, მამუკა ჯუღელისა და კრისტიანო ძაკარდოს დახმარებით, სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი მიიყვანოს.

საუბარია 2009 წელს დაბადებულ თავდამსხმელზე, ანდრია ბართიშვილზე. სამშობლოში მას „ახალი კვარას“ სახელით იცნობენ. ამ ეტაპზე ეს შედარება, შესაძლოა, რეალობისგან შორსაა, მაგრამ ამ ორ ფეხბურთელს შორის ბევრი მსგავსებაა: სათამაშო პოზიცია, დრიბლინგის უნარი, ანდრიაც „დინამო თბილისის“ აღზრდილია და ფოთის „კოლხეთში“ გადასვლამდე სწორედ დედაქალაქურ კლუბში თამაშობდა.

30 მარტს ბართიშვილი 16 წლის გახდა. ის მართლაც ნიჭიერია. შემთხვევითი არ არის, რომ ბევრი ევროპული კლუბი აკვირდება. საქართველოს უმაღლეს დივიზიონში სადებიუტო თამაში 15 წლისამ ჩაატარა, სადაც ყველა თავისი თვისება გამოავლინა. ბართიშვილს ჯერ კიდევ შეუძლია გაიზარდოს, აქვს გამორჩეული ტექნიკური უნარები, კარგი დრიბლინგი და სისწრაფე.

ქართველ ფეხბურთელს უყვარს ფლანგიდან ცენტრისკენ შესვლა, შეუძლია სხვადასხვა ამპლუაში თამაში – ბართიშვილს მოედნის ცენტრში, თავდამსხმელების უკანაც ათამაშებდნენ.

ჯუღელთან ნაცნობობა დამატებით უპირატესობაა ჯუნტოლისთვის, რომელსაც შეუძლია ამის გამოყენებით „იუვენტუსში“ ქართველი ტალანტი მიიყვანოს“, – წერს იტალიური გამოცემა.

პირველი არხი