მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში მთავრობები, დიდი კომპანიები და ოჯახები ირანში აშშ-ისრაელის ომის ხარჯებს ითვლიან, ზოგიერთი კომპანია ამის ნაცვლად უზარმაზარ მოგებას ითვლის. ასეთი კომპანიების შესახებ ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა.

გთავაზობთ სექტორის და კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც მილიარდებს გამოიმუშავებენ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გაგრძელების პარალელურად:

ნავთობის და გაზის სექტორი

ომმა ყველაზე დიდი ეკონომიკური გავლენა ენერგორესურსების ფასების ზრდაში ასახა. თებერვლის ბოლოს ფაქტობრივად ჩაიკეტა ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მსოფლიოში ნავთობისა და გაზის დაახლოებით მეხუთედი ტრანსპორტირდება.

შედეგად ენერგორესურსები გაძვირდა, რითაც მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობისა და გაზის კომპანიებმა ისარგებლეს.

BP-ის მოგება 2026 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გაორმაგდა და 3.2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

Shell-ს მოგებამ პირველი კვარტალში 6.92 მილიარდ დოლარს მიაღწია.

TotalEnergies-ის მოგება თითქმის მესამედით გაიზარდა და  პირველ კვარტალში 5.4 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ბანკები

ირანში ომის დროს გააქტიურდა აქციებით ვაჭრობა, რამაც მსხვილ ბანკებსაც დიდი მოგება მოუტანა.

JP Morgan-მა 2026 წლის პირველ სამ თვეში რეკორდული 11.6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

რეკორდული შემოსავლები უფიქსირდებათ „დიდი ექვსეულის“ სხვა ბანკებსაც – მათ შორის Bank of America-ს, Morgan Stanley-ს, Citigroup-ს, Goldman Sachs-სა და Wells Fargo-ს.

იარაღის წარმოება

კონფლიქტმა გამოაჩინა თავდაცვის სფეროში არსებული პრობლემები, შედეგად, დააჩქარა ინვესტიციები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაში, დრონების საწინააღმდეგო სისტემებსა და სამხედრო ტექნიკაში ევროპასა და აშშ-ში. გაჩნდა მარაგების აუცილებლობა, რაც ზრდის იარაღზე მოთხოვნას.

BAE Systems-მა, რომელიც F35 გამანადგურებლების კომპონენტებს აწარმოებს, განაცხადა, რომ წელს გაყიდვებისა და მოგების რადიკალურ ზრდას ელის.

მსოფლიოს სამმა უმსხვილესმა თავდაცვის კონტრაქტორმა, Lockheed Martin-მა, Boeing-მა და Northrop Grumman-მა, პირველი კვარტლის ბოლოს რეკორდული შეკვეთების შესახებ განაცხადეს.

განახლებადი ენერგია

კონფლიქტმა აჩვენა, რომ აუცილებელია წიაღისეული საწვავზე დამოკიდებულების შემცირება და ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია, რამაც გაზარდა ინტერესი განახლებადი ენერგიის სექტორის მიმართ.

გაიზარდა განახლებადი ენერგიის მწარმოებელი კომპანიების აქციების ღირებულება. დანიურმა ქარის ენერგიის გიგანტებმა Vestas-მა და Orsted-მა განაცხადეს მოგების ზრდის შესახებ. ბრიტანული Octopus Energy-ის თქმით კი მზის პანელების გაყიდვები 50%-ით გაეზარდა.