ძლიერი ქარიშხლები, უხვი ნალექი, ტურბულენტობა და ზღვის დონის მატება ავიაციისთვის სულ უფრო სერიოზულ გამოწვევად შეიძლება იქცეს. სპეციალისტების შეფასებით, კლიმატის ცვლილებასთან ერთად ექსტრემალური ამინდის შემთხვევები შესაძლოა, გახშირდეს და შედეგად ფრენების დაგვიანება და გაუქმება, აეროპორტების მუშაობის შეფერხება და ავიაკომპანიების ხარჯების ზრდა უფრო ხშირი გახდეს.
- პრობლემის მასშტაბი ნათლად გამოჩნდა ივნისის ბოლოს, როდესაც დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ევროპის ნაწილს ძლიერი ქარიშხლები დაატყდა თავს. იმ დღეს ლონდონის ჰითროუსა და გეტვიკის აეროპორტებში ათასობით მგზავრი ჩავიდა, თუმცა მათი მოგზაურობა მალევე ქაოსში გადაიზარდა.
საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერებს ქარიშხლის ზონების გამო, თვითმფრინავების გადაადგილების შეზღუდვა მოუხდათ. საჰაერო სივრცე გადაიტვირთა. საბოლოოდ, ორივე აეროპორტში დაახლოებით 900 რეისი შეფერხდა, ზოგიერთი მათგანი 11 საათამდე დაგვიანდა, ათობით ფრენა კი გაუქმდა.
ავიაციის რისკების კონსულტანტი და ყოფილი პილოტი ტიმ ატკინსონი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ევროპა განსაკუთრებით მოწყვლადია, რადგან ამ რეგიონებში საჰაერო მოძრაობა ძალიან ინტენსიურია. მისი შეფასებით, არსებობს რისკი, რომ ძლიერი ამინდი ერთდროულად ლონდონის რამდენიმე აეროპორტზე გავრცელდეს და საჰაერო მიმოსვლის სისტემა სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენოს.
ძლიერი ჭექა-ქუხილის დროს პილოტები ცდილობენ, საშიში ზონების გვერდის ავლით იფრინონ. თვითმფრინავები რთულ პირობებში მუშაობისთვის არის შექმნილი, თუმცა ქარიშხალს შესაძლოა, ძლიერი ტურბულენტობა, ძლიერი ქარი, სეტყვა და უხვი ნალექი ახლდეს.
ძლიერმა ტურბულენტობამ შესაძლოა, მგზავრები და ეკიპაჟის წევრები, სეტყვამ კი თვითმფრინავის საქარე მინა ან ძრავი დააზიანოს.
ამიტომ, როდესაც ფრენის მარშრუტზე ქარიშხალი ჩნდება, ეკიპაჟს ხშირად უწევს კურსის შეცვლა. ეს კი დამატებით საწვავს მოითხოვს და ფრენის დაგეგმილ დროზეც აისახება.
ამინდის გამო პრობლემები მხოლოდ ცაში არ ჩნდება. თუ თვითმფრინავი დანიშნულების აეროპორტში დაშვებას ვერ ახერხებს, ის სხვა აეროპორტში უნდა გადამისამართდეს. თუმცა, თუ ალტერნატიული აეროპორტიც უკვე დატვირთულია, მას შეიძლება დამატებითი თვითმფრინავების მიღების შესაძლებლობა აღარ ჰქონდეს.
ასეთ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი სადგომები თვითმფრინავებისთვის, მეტი საწვავი და რესურსი, ხოლო მგზავრებს საკვები, სასმელი და სხვა აუცილებელი მომსახურება სჭირდებათ. საბოლოოდ, აეროპორტს შესაძლოა, ფრენების მიღების ან გაშვების შეჩერებაც კი მოუწიოს.
- კლიმატის ცვლილების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე ზღვის დონის მატებაა.
მსოფლიოს არაერთი დიდი აეროპორტი სანაპირო ზოლთან და დაბლობ ტერიტორიებზეა აშენებული, რაც მათ წყალდიდობების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის.
ამის ნათელი მაგალითია ნიუ-იორკის ლაგუარდიას აეროპორტი. 2012 წელს, როდესაც ქარიშხალი „სენდი“ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს, აეროპორტის ორი ასაფრენი ბილიკი დაიტბორა და მისი მუშაობა რამდენიმე დღით შეფერხდა.
კვლევების მიხედვით, წყალდიდობები, რომლებიც ნიუ-იორკის რეგიონში ინდუსტრიამდელ პერიოდში საშუალოდ 500 წელიწადში ერთხელ ხდებოდა, დღეს დაახლოებით 25 წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. პროგნოზით, საუკუნის შუა პერიოდისთვის ასეთი მოვლენა შესაძლოა, ხუთ წელიწადში ერთხელაც კი მოხდეს.
მსოფლიოში უკვე 269 აეროპორტია ზღვის დონის მატებით გამოწვეული წყალდიდობის რისკის ქვეშ. მათ შორისაა ამსტერდამის სხიპჰოლის, ლონდონის სიტის, ბაჰრეინისა და ნიუარკ ლიბერთის აეროპორტები.
აეროპორტების დაცვა წყალდიდობისგან კი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. საჭირო ხდება დამცავი ნაგებობების შექმნა, ასაფრენი ბილიკების ამაღლება და ზოგიერთ შემთხვევაში აეროპორტის ადგილმდებარეობის შეცვლაც კი.