მეხუთე სიცხის ტალღა იტალიაში აგვისტოს ბოლოს იქნება, ხანმოკლე წვიმების შემდეგ, რამაც ტემპერატურის დაწევას შეუწყო ხელი. თუმცა, პროგნოზების თანახმად, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. 27, 28 და 29 აგვისტოს უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, თუმცა ეს ტალღა გასული სეზონის ყველაზე ინტენსიური იქნება.

მასთან ერთად იქნება აფრიკული ანტი ციკლონი, რომელიც უდაბნოს ქვიშის უზარმაზარ მასებს მოიტანს. დამთრგუნველი სიცხე სამხრეთ და ცენტრალურ იტალიაში იქნება კონცენტრირებული, სადაც ტემპერატურა ნორმაზე 8-10 გრადუსით მაღალი იქნება.

ჯანდაცვის სამინისტროს ბიულეტენის თანახმად, ხუთშაბათს, „წითელი გაფრთხილება“ გამოცხადდა იტალიის სამ ქალაქში: ბარი, პალერმო და კამპობასო. ამჟამად „ნარინჯისფერ“ ზონაში ცხრა ქალაქია: ანკონა, კალიარი, კატანია, ფლორენცია, ლატინა, მესინა, რეჯო დი კალაბრია, რიეტი და რომი.

სიცხის პიკი პარასკევს და შაბათს არის მოსალოდნელი, განსაკუთრებით სამხრეთში, ლაციოსა და ადრიატიკის ზღვის ცენტრალურ ნაწილში. 

28 აგვისტო შესაძლოა 2026 წლის ზაფხულის ყველაზე ცხელი დღე იყოს: აღმოსავლეთ სიცილიაში ტემპერატურამ შესაძლოა 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწიოს, ხოლო აპულიაში - 44 გრადუს ცელსიუსს. კალაბრიის ზოგიერთ შიდა რაიონში შესაძლებელია 45–46°C-მდე ექსტრემალური ტემპერატურა.

სიცხის ტალღა დაფარავს სარდინიასაც, სადაც მაქსიმალური ტემპერატურა 44 გრადუს ცელსიუსამდეა მოსალოდნელი. ვაკეზე, ე.წ. ტროპიკული ღამეების დროს, მინიმალური ტემპერატურა 25 გრადუს ცელსიუსზე დაბლა არ დაეშვება.

პარასკევს, „წითელი“ საფრთხის დონით ქალაქების რაოდენობა ცხრამდე გაიზრდება: ბარი, კალიარი, კამპოობასო, კატანია, ლატინა, მესინა, პალერმო, რეჯო-დი-კალაბრია, რომი. ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ტემპერატურა ფოჯაში 42 გრადუსს, იზერნიაში 40 გრადუსს, ხოლო რომში 38–39 გრადუსს მიაღწევს.

ქვეყნის ჩრდილოეთი დიდწილად გვერდს აუვლის სიცხის ტალღას: აქ მაქსიმალური მნიშვნელობები მცირდება. მილანში ტემპერატურა, სავარაუდოდ, 30 გრადუს ცელსიუსსაც კი არ მიაღწევს, ტურინში კი 27–28 გრადუსი ცელსიუსია მოსალოდნელი, ხოლო ვენეციის ვაკეზე სიცხის პიკი დაახლოებით 34 გრადუსი ცელსიუსი იქნება. ჩრდილოეთ იტალიის რეგიონებში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის ძლიერი ნაკადებია პროგნოზირებული.

სექტემბრის დასაწყისი, სავარაუდოდ, ზაფხულის მსგავსად თბილი იქნება.

ამასობაში, საფრანგეთში, კორსიკის გარდა, სიცხის ტალღა, როგორც ჩანს, მთელ ქვეყანაში იკლებს. ხუთშაბათს, კუნძულზე დღისით ტემპერატურა 38-39 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. ღამით ტემპერატურა მხოლოდ 30 გრადუს ცელსიუსამდე დაეცემა.

წყარო: euronews