საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელავის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მშენებლობისთვის ₾13.2-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 21 თვის ვადაში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ჩათვლით.
პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა ჰქონდეს განხორციელებული ჯამში არანაკლებ 25 000 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით; ასევე, მსგავსი სირთულის 1 შენობა-ნაგებობის მშენებლობა (რაც მოიცავს, ადმინისტრაციულ (ოფისები, ბიზნესცენტრები, სახელმწიფო დაწესებულებები) ან/და კომერციულ (სავაჭრო ცენტრები და სერვისცენტრები) ან/და სოციალური-კულტურულ (სკოლები, საავადმყოფოები და სპორტული კომპლექსები) ან/და სატრანსპორტო (აეროპორტების და სადგურები) შენობა-ნაგებობებს), რომლის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 10 000 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ან 2 შენობა-ნაგებობა, რომელთა ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 000 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 275 136 ლარია, წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდება.