ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების შედეგად ირანში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ცნობით, ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების შედეგად 201 ადამიანი დაიღუპა და 747 დაშავდა.

ასევე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აშშ-მა და ისრაელმა ირანის 24 პროვინცია დაბომბეს.

დუბაიში ირანის დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, დარტყმები განხორციელდა ბაჰრეინშიც, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანის სარაკეტო იერიშების შემდეგ ხანძარი დუბაიში, პალმის კუნძულებზე მდებარე სასტუმრო Fairmont-თან გაჩნდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დუბაის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა დაადასტურა, რომ ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.

ასევე, ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედაქალაქ მანამაში რაკეტა საცხოვრებელ შენობას მოხვდა.

„სამოქალაქო თავდაცვის სამსახური ხანძრის ჩაქრობის ოპერაციას აგრძელებს“, - ნათქვამია ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეს დავარტყით, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის წინააღმდეგ საჰაერო ძალების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ შეტევაში მონაწილეობა 200-მდე ავიაგამანადგურებელმა მიიღო.

„ფართომასშტაბიანი დარტყმების სამიზნე ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები და საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო. ავიაგამანადგურებლებმა დასავლეთ და ცენტრალურ ირანში 500-მდე სამხედრო სამიზნეზე ასობით საბრძოლო მასალა ჩამოაგდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა „რეჟიმის შეტევით შესაძლებლობებს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა“.

სამხრეთ ირანში მდებარე სკოლაში დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Associated Press-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ჰორმაზაგანის პროვინციის ქალაქ მინაბში მდებარე გოგონების სკოლაზე აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 63-მდე გაიზარდა.

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა, ტიმ ჰოუკინსმა განაცხადა, რომ სკოლაზე დარტყმის ცნობების შესახებ ინფორმაციას ფლობს.

„ამ ცნობებს სერიოზულად ვეკიდებით და მათ ვიძიებთ. აშშ მშვიდობიან მოსახლეობას მიზანში არ იღებს“, - განაცხადა ჰოუკინსმა.

ირანმა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე დრონით თავდასხმა განახორციელა.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ქუვეითის საავიაციო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, სიტუაცია „სრული კონტროლის ქვეშაა“.

მისი თქმით, „მგზავრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს“,- განაცხადა მან.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს­ საგანგებო სხდომა გაიმართება.

„სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტში ვარ. ირანის რეჟიმი მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმებს ახორციელებს, რაც რეგიონის ფართომასშტაბიან ომში ჩათრევის რისკს შეიცავს. ჩვენ ამას ვგმობთ“, - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი X-ზე.

მისი თქმით, „ირანის რეჟიმს არჩევანი აქვს გასაკეთებელი“.

„მნიშვნელოვანია, რომ ომი კიდევ უფრო არ გაფართოვდეს“, - აცხადებს კაია კალასი.