ინდონეზიაში ტყის ხანძრები მძვინვარებს, რომლის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ამასთან, მედიის ცნობით, ტყის ხანძრების გამო ინდონეზიის უმეტეს ნაწილში, ასევე სინგაპურში ჰაერის დაბინძურების დონე რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

გარდა ამისა, სმოგი გავრცელებულია ასევე მეზობელ მალაიზიასა და ფილიპინებშიც.

„გლობალური ხანძრების საინფორმაციო სისტემის“ მონაცემებით, წელს ინდონეზიაში ხანძრების შედეგად 60 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტყე დაიწვა.

მედიის ცნობით, ჰაერის ამ მასშტაბით დაბინძურება ქვეყანაში, ბოლო ათი წელია, არ მომხდარა. ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძრების შედეგად გამოწვეული დაკავამლიანების გამო ივლისიდან სექტემბრამდე ქვეყანაში რესპირატორული ინფექციების თითქმის 175 000 შემთხვევა დააფიქსირა.

ამასთან, მეზობელი მალაიზიის რამდენიმე შტატის ხელისუფლებამ სკოლები ორი დღით დახურა.

სინგაპურის გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სექტემბრის დასაწყისში ქვეყანაში ჰაერი „არაჯანსაღ დიაპაზონში“ შევიდა, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაუარესდა. ხელისულფება საზოგადოებას მოუწოდებს, მეტი სითხე მიიღონ და გარე აქტივობები შეამცირონ.

1tv.ge