Meta-მ 2026 წლის მესამე კვარტალში $64.6 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-იანი ზრდაა. კომპანიის ფინანსური შედეგების გამოქვეყნების პარალელურად, Meta-მ აქციების ორად გაყოფის შესახებაც დააანონსა, რაც აქციონერებისთვის დამატებითი C კლასის (ხმის უფლების არმქონე) აქციების გადაცემას ითვალისწინებს.
საანგარიშო პერიოდში კომპანიის წმინდა მოგებამ $9.8 მილიარდი შეადგინა, ერთ აქციაზე მოგებამ კი $3.83-ს მიაღწია. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში Meta-ს წმინდა მოგება $2.7 მილიარდი იყო. წინა წლის მაჩვენებელზე გავლენა იქონია დაახლოებით $16 მილიარდის ერთჯერადმა საგადასახადო ხარჯმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგადასახადო კანონმდებლობას უკავშირდებოდა.
მესამე კვარტალში Meta-ს კაპიტალურმა დანახარჯებმა $34.9 მილიარდი შეადგინა. კომპანია ვარაუდობს, რომ 2026 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი $135-145 მილიარდის ფარგლებში იქნება. მანამდე Meta მთელი წლის კაპიტალური დანახარჯების პროგნოზად $130-145 მილიარდს ასახელებდა. ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელოვნური ინტელექტის მიმართულების განვითარებას უკავშირდება.
Meta მეოთხე კვარტალში $73-76 მილიარდის შემოსავალს ელოდება. ამასთან, კომპანიის პროგნოზით, 2026 წლის მთლიანი ხარჯები $175-179 მილიარდს მიაღწევს. განახლებული შეფასება ითვალისწინებს დაახლოებით $18 მილიარდის შეთანხმების ნაწილსაც, რომელსაც Meta-მ შტატების გენერალურ პროკურორებთან მიაღწია, მოზარდებში სოციალური მედიის დამოკიდებულებასთან დაკავშირებული სარჩელების მოსაგვარებლად.
კომპანიის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Meta-ს აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა და $723-ს მიაღწია.
Meta-ს შედეგები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კომპანიის აქტიურ გაფართოებას ემთხვევა. მესამე კვარტლის ანგარიშამდე კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის აგენტი Muse-ი წარადგინა, რომელმაც სექტემბერში აშშ-ის App Store-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. აპლიკაციას პირველ 40 დღეში 10 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვა ჰქონდა. Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა Muse-ის წარმატებას კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა უწოდა.
ოთხშაბათს გამართულ დისტანციურ კონფერენციაზე ცუკერბერგმა განაცხადა, რომ კომპანია Muse-ისგან მნიშვნელოვან შემოსავალს ელოდება და ვარაუდობს, რომ მას მილიარდობით მომხმარებელი ეყოლება. მისი თქმით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის აგენტის მუშაობისთვის საჭირო გამოთვლითი რესურსების ხარჯეფექტიანობა შესაძლოა ათჯერ გაუმჯობესდეს.
ამავე დროს, Meta-ს ნიუ-მექსიკოს შტატში $25 მილიარდის გადახდა დაეკისრა. ოთხშაბათს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიამ მომხმარებლები მონაცემთა კონფიდენციალურობის საკითხებთან დაკავშირებით შეცდომაში შეიყვანა.
Forbes-ის შეფასებით, მარკ ცუკერბერგის ქონება, ოთხშაბათის მონაცემებით, $241.2 მილიარდს შეადგენდა, რაც წინა მაჩვენებელთან შედარებით $3 მილიარდით მეტია.