იაპონური ავტომწარმოებელი Honda მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ხარჯების 9 მილიარდ დოლარზე მეტით შემცირებას გეგმავს და მომწოდებლებისგან კომპონენტებზე ფასების 30%-მდე შემცირებას მოითხოვს. ამის შესახებ Reuters კომპანიის შიდა დოკუმენტებსა და ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

კომპანიის მიზანია, 2030 წლისთვის ჯამურად 1.5 ტრილიონი იენის, დაახლოებით 9.4 მილიარდი დოლარის, დაზოგვა.

ხარჯების შემცირების გეგმა Honda-ს ელექტრომობილების მიმართულებით მიღებული ზარალის ფონზე შემუშავდა, რომელიც შესაძლოა 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს. ასეთ პირობებში კომპანია აქცენტს ჰიბრიდულ ავტომობილებზე გადატანას გეგმავს.

Honda-ს აღნიშნული ნაბიჯები ასევე მიზნად ისახავს კომპანიის პოზიციების გაძლიერებას ჩინელი ავტომწარმოებლებისგან, მათ შორის BYD-ისგან, მზარდი კონკურენციის პირობებში. ჩინური კომპანიები აქტიურად აფართოებენ საქმიანობას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ლათინური ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე.