საქართველოს მთავრობა არასრულწლოვნებისთვის ორბორბლიანი ელექტროსკუტერების გამოყენების რეგულირებას გეგმავს. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს და პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე წარსადგენ კანონპროექტებს შორისაა.

რეგულაციის კონკრეტული მოდელი ჯერჯერობით უცნობია. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ინიციატივა ელექტროსკუტერებთან დაკავშირებული რისკების შემცირებას, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დაცვასა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

შსს-ის მონაცემებით, 2025 წელს სკუტერების მონაწილეობით 106 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა, რასაც 109 ადამიანის დაშავება და ერთის დაღუპვა მოჰყვა. 2026 წლის იანვარ-ივნისში კი 28 ასეთი შემთხვევა მოხდა, დაშავდა 33 და დაიღუპა 2 ადამიანი.