2025 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსში, რომელიც მსოფლიოს უსაფრთხოების ყოვლისმომცველ ანალიზს წარმოადგენს, საქართველო 8 ადგილით ჩამოქვეითდა.
კერძოდ, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ ივნისში განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო 163 ქვეყანას შორის 109-ე ადგილს იკავებს.
გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველოს წინ უსწრებენ გვატემალა, ეგვიპტე, გაიანა, ფილიპინები, ელ სალვადორი, კონგოს რესპუბლიკა, კუბა და ა.შ.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის მშვიდობის ინდექსში ყველაზე წინ არის სომხეთი, ბოლო ადგილზე კი რუსეთია. აღსანიშნავია ისიც, რომ რეიტინგში საქართველოსა და რუსეთის გარდა, საქართველოს ყველა მეზობელი დაწინაურდა. უფრო დეტალურად:
- სომხეთი - 58-ე ადგილი (დაწინაურდა 10 პუნქტით);
- აზერბაიჯანი - 95-ე ადგილი (დაწინაურდა 17 პუნქტით);
- თურქეთი - 146-ე ადგილი (დაწინაურდა 1 პუნქტით);
- რუსეთი - 163-ე ადგილი (ჩამოქვეითდა 2 პუნქტით).
მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები რეიტინგის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ისლანდია იყო, ყველაზე ნაკლებად უსაფრთხო კი რუსეთი. უფრო კონკრეტულად, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეული ასეთია:
- ისლანდია;
- ირლანდია;
- ახალი ზელანდია;
- ავსტრია;
- შვეიცარია;
- სინგაპური;
- პორტუგალია;
- დანია;
- სლოვენია;
- ფინეთი.
მსოფლიო სულ უფრო ნაკლებად მშვიდობიანი ხდება
Forbes-მა 2020 წლიდან 2025 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის მაჩვენებლების ანალიზი განახორციელა. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო ნაკლებად მშვიდობიანი ხდება.
ასე მაგალითად, ჯერ კიდევ 2020 წელს, გლობალური მშვიდობის ინდექსში ნათქვამი იყო, რომ COVID-19-ის პანდემიის ეკონომიკურ გავლენას შესაძლოა, უარყოფითად ემოქმედა პოლიტიკურ სტაბილურობაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, კონფლიქტებსა და სამოქალაქო უფლებებზე, ამას კი შეეძლო მრავალწლიანი სოციო-ეკონომიკური განვითარების შეფერხება. 2020 წლის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ „ყველაზე ნაკლებად მშვიდობიან და ყველაზე მშვიდობიან ქვეყნებს შორის არსებული უფსკრული კვლავაც იზრდება“, ამ პირობებში კი მოსალოდნელი იყო, რომ მიმდინარე კლიმატური ცვლილებები მსოფლიო უსაფრთხოების გამოწვევებს გაამწვავებდა. გამოცემა წერს, რომ ეს მოლოდინები ახლა დასტურდება.
2022 წლისთვის გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებიდან რვა ევროპაში მდებარეობდა, ხოლო ისლანდია კვლავ რჩებოდა ყველაზე მშვიდობიან ქვეყნად. ამასთანავე, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულს ისლანდიასთან ერთად ახალ ზელანდია, დანია, პორტუგალია და სლოვენია ავსებდნენ. 2022 წლის ანგარიშში კვლავ იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ყველაზე უსაფრთხო და ნაკლებად უსაფრთხო ქვეყნებს შორის არსებული უფსკრული კვლავ განაგრძობდა ზრდას. მაშინ ავღანეთი ზედიზედ მეოთხე წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად მშვიდობიან ქვეყნად რჩებოდა, ბოლოსწინა ადგილებზე კი იემენი, სირია, სამხრეთ სუდანი და ერაყი იყვნენ.
ამასთანავე, 2023 წელს გლობალური მშვიდობის ინდექსის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში კონფლიქტების დონემ უკანასკნელი 15 წლის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. გაერთიანებულმა სამეფომ და სხვა რამდენიმე ქვეყანამ მსოფლიო ხმელეთის დაახლოებით 15% იმ ტერიტორიების სიაში შეიყვანეს, სადაც მოგზაურობა რეკომენდებული არ არის. ამ წლის კვლევით, ავღანეთი ისევ ყველაზე ნაკლებად მშვიდობიანი ქვეყანა იყო, შემდეგ მოდიოდნენ იემენი, სირია და სამხრეთ სუდანი.
ბოლო, 2025 წლის ანალიზი მიუთითებს, რომ წინა წლის ტენდენციები გრძელდება, გლობალური მშვიდობა კვლავ მცირდება და მსხვილი კონფლიქტების წინმსწრები ძირითადი ფაქტორი ახლა უფრო მაღალ ნიშნულზეა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იყო. გარდა ამისა, ბოლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და კონფლიქტების ზრდის საპასუხოდ სულ უფრო მეტი ქვეყანა ზრდის შეიარაღების დონეს.
დოკუმენტის მიხედვით, ამჟამად გლობალურად 59-ზე მეტი სახელმწიფოებრივი კონფლიქტია აქტიური, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო მხოლოდ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამით არის გაზრდილი. ანგარიშის მიხედვით, კონფლიქტები ახლა „კონფლიქტები ნაკლებად წარმატებით სრულდება და სულ უფრო ინტერნაციონალიზებული ხდება“, მაგალითად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე კონფლიქტებში ჯამში ჩართულია 78 ქვეყანა.
რუსეთი ყველაზე ნაკლებად მშვიდობიანი ქვეყანაა
აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის ინდექსის მიხედვით, რუსეთი ყველაზე ნაკლებად მშვიდობიანი ქვეყანა გახდა. მის წინ რეიტინგში არის უკრაინა, სუდანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და იემენი.
დასავლეთ და ცენტრალური ევროპა ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია. მსოფლიოში ათი ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნიდან რვა ამ რეგიონში მდებარეობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, რეგიონში მშვიდობა იკლებს. ამის პარალელურად, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი, მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად მშვიდობიანი ადგილია.