გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ქართველი მეკარის გუნდმა სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე პირველი ამხანაგური შეხვედრა სტუმრად „პრესტონის“ წინააღმდეგ გამართა და 3:1 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების მეკარე „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მოედანზე 45 წუთი გაატარა და ბევრი სამუშაო არ ჰქონია, მან ერთხელ ბურთი მუშტით მოიგერია, ერთ ეპიზოდში კი საგოლე პასის შესრულებასთან იყო ახლოს – ფედერიკო კიეზა მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ იტალიელმა ფეხბურთელმა მომენტის გამოყენება ვერ შეძლო.

მეორე ტაიმში არნე სლოტმა შემადგენლობა სრულად შეცვალა და მამარდაშვილი ფრედერიკ ვუდმანით ჩაანაცვლა. იმ მომენტისთვის „ლივერპული“ უკვე იგებდა — ანგარიში 33-ე წუთზე კონორ ბრედლიმ გახსნა, 53-ე წუთზე კი უპირატესობა დარვინ ნუნიესმა ორამდე გაზარდა. „პრესტონის“ მხრიდან მატჩში გოლი ლინდსმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა, ხოლო საბოლოო შედეგი „ლივერპულის“ ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა, კოდი გაკპომ დააფიქსირა.

„ლივერპული“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 26 ივლისს გამართავს — გუნდი „ენფილდ როუდზე“ „მილანს“ უმასპინძლებს.

პირველი არხი