გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ კარლოს კორბერანი გაწვრთნის, რომელმაც ამ პოსტზე რუბენ ბარახა შეცვალა – ინფორმაცია კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.
ვაკანტური პოსტის დაკავების მთავარ კანდიდატად კიკე სანჩეს ფლორესი მიიჩნეოდა, მაგრამ საბოლოოდ „ვალენსიის“ ხელმძღვანელობამ არჩევანი კორბერანზე შეაჩერა და ინგლისურ „ვესტ ბრომვიჩს“ მასთან კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ კომპენსაციაც გადაუხადა.
41 წლის სპეციალისტი ვალენსიელია. მან პროფესიული კარიერა „ვალენსიაში“ დაიწყო, თამაშობდა ესპანეთის მესამე დივიზიონის კლუბებში. 23 წლისა „ვილიარეალის“ ახალგაზრდულ გუნდში მიიწვიეს, მაგრამ კარიერა ვერ აეწყო და ადრეული ასაკიდან მწვრთნელობას შეუდგა.
„ვალენსიის“ ახალ მწვრთნელს საერთაშორისო გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა საუდის არაბეთში, კვიპროსში, საბერძნეთსა და ინგლისში. 2016 წელს მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი დებიუტი კვიპროსის „დოქსაში“ შედგა, საიდანაც ცოტა ხანში კონტრაქტი „ერმისთან“ გააფორმა.
2017 წელს კორბერანი ინგლისში წავიდა, სადაც კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა. საქმიანობა „ლიდსის“ სარეზერვო გუნდში დაიწყო და ერთი წლის შემდეგ პირველ გუნდში მარსელო ბიელსას ასისტენტი გახდა. 2020 წელს მთავარი მწვრთნელად დაინიშნა „ჰადერსფილდში“ და გუნდი პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში გაიყვანა.
2022 წელს ცოტა ხნით საბერძნეთის სუპერლიგის „ოლიმპიაკოსი“ ჩაიბარა, გუნდს 11 თამაშში უხელმძღვანელა და კვლავ ინგლისში დაბრუნდა, სადაც „ვესტ ბრომვიჩის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, რომელსაც 100-ზე მეტ თამაშში უხელმძღვანელა და გასულ სეზონში პრემიერლიგის პლეი ოფში გაიყვანა.
კორბერანმა „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.