,,ქართული ოცნების’’ გადაწყვეტილებით სიგარეტისა და გასახურებელი თამბაქოს აქციზის გადასახადი იზრდება. გასახურებელი თამბაქოს შემთხვევაში 15 თეთრით, ხოლო სიგარეტის შემთხვევაში 20 თეთრით ერთ კოლოფზე. თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდა პროდუქტს გააძვირებს. მომხმარებლებს 2025 წლიდან სიგარეტსა და გასახურებელ თამბაქოში მეტის გადახდა მოუწევთ.
,,კომერსანტი’’ დაინტერესდა სავარაუდოდ, რამდენი ეღირება გაძვირებული სიგარეტი? ჩვენ კითხვებით Japan Tobacco International-ის წარმომადგენლობას მივმართეთ. კორპორაციული ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დირექტორი კავკასიაში ალექსანდრე ავაზაშვილი აცხადებს, რომ აქციზის ფიქსირებული განაკვეთის 20 თეთრიანი ზრდა საცალო პროდუქტის ფასს სავარაუდოდ 40-50 თეთრით გააძვირებს.
,,აქციზის ფიქსირებული განაკვეთის 20 თეთრიანი ზრდა სიგარეტზე ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ გაზრდილი საგადასახადო ტვირთის დასაბალანსებლად 2025 წელს საჭირო იქნება საცალო ფასების გაცილებით უფრო მეტით ზრდა, სავარაუდოდ 40-50 თეთრით. ფასების ასეთი მატება კი, თავის მხრივ, ზრდის კონტრაბანდული სიგარეტის შემოდინების რისკებს გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს სამეზობლოში სიგარეტის საშუალო ფასი საქართველოში უკვე ყველაზე მაღალია.''- აცხადებს ალექსანდრე ავაზაშვილი.
რეგიონში საქართველოში სიგარეტი ყველაზე ძვირი ღირს. მონაცემები ასეთია:
სიგარეტის კოლოფის საშუალო ფასი (2024):
სომხეთი - 5.0 ₾
აზერბაიჯანი - 5.5₾
რუსეთი - 5.3 ₾
თურქეთი - 6.0 ₾
საქართველო - 7.0 ₾ (აქციზის მომატებამდე)
JTI-ს კორპორაციული ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დირექტორს კავკასიაში ვკითხეთ, როდიდან აისახება ფასის მატება თამბაქოს ნაწარმზე? - ,,ყველა კომპანია, საკუთარი ბიზნეს გეგმებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას ფასების მომატების ან შემცირების დროის თაობაზე.’’- აცხადებს ალექსანდრე ავაზაშვილი.
JTI-ს კორპორაციული ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დირექტორი კავკასიაში აქციზის ზრდაში რისკებს ხედავს. ალექსანდრე ავაზაშვილი აცხადებს, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ გაიზრდება კონტრაბანდის მაჩვენებელი.
,,სიგარეტზე და გასახურებელ თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ფიქსირებული კომპონენტის ზრდა შეიცავს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის მაჩვენებლის ზრდის რისკს. გამომდინარე იქიდან, რომ 2025 წლის აპრილიდან სიგარეტის ბაზარი მთლიანად გადადის სადა შეფუთვაზე, და ამავდროულად, იზრდება აქციზის გადასახადი და შესაბამისად პროდუქტის ფასი, დიდია ალბათობა იმისა, რომ გაიზრდება კონტრაბანდის მაჩვენებელი. თავის მხრივ, გაზრდილი კონტრაბანდა ნიშნავს ლეგალური ბაზრის შემცირებულ მოცულობას, რომლის მიერ გამოწვეულმა საბიუჯეტო დანაკარგებმა შესაძლოა გადააჭარბოს აქციზის განაკვეთის ზრდით დაგეგმილ საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას. ჩვენ აშკარად ვხედავთ თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის მაჩვენებლის ზრდის რისკს, რაც უარყოფითად აისახება როგორც ბიზნესზე, ისე საბიუჯეტო შემოსავლებზე.’’- აცხადებს ალექსანდრე ავაზაშვილი.
ალექსანდრე ავაზაშვილი განმარტავს, რომ ისინი აქციზის გადასახადის ზრდის 3 წლიანი კალენდრის შემოღებას უკვე წლებია ითხოვენ. მისივე განცხადებით, მსგავსი პრაქტიკა ევროპულ ქვეყნებში მოქმედებს. ალექსანდრე ავაზაშვილი აცხადებს, რომ რეგულაციების შემოღების საკითხზე ინდუსტრიასთან კომუნიკაციაა საჭირო.
,,ჩვენი თხოვნა უკვე მრავალი წლის განმავლობაში არის აქციზის გადასახადის ზრდის 3 წლიანი კალენდრის მიღება, რაც არაერთ ევროპულ ქვეყანაში აპრობირებული პრაქტიკაა და რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ საბიუჯეტო შემოსავლებს აქციზის გადასახადიდან და პროგნოზირებადს ხდის ფისკალურ გარემოს ბიზნესისთვის. მნიშვნელოვანია, თამბაქოს პროდუქციის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების ინდუსტრიის ჩართულობით, ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილვა, რაც საქართველოს კანონმდებლობითაც არის გათვალისწინებული.''- აცხადებს ალექსანდრე ავაზაშვილი.