„შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი წლის დღესასწაულის გამო გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ  მომსახურების სააგენტო, ასევე,   საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების სერვისცენტრები და  საინფორმაციო ქოლცენტრი 2025 წლის 1-12 იანვარს არ იმუშავებენ, ხოლო 13 იანვრიდან მუშაობა  ჩვეულ რეჟიმში განახლდება“ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით უწევდათ, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა 2025 წლის 13 იანვრიდან მიეცემათ.

მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასვლას კანდიდატები 2025 წლის 13 იანვრიდან შეძლებენ.

იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 13 იანვრის ჩათვლით.

ის პირები, რომლებიც 2024 წლის 30-31 დეკემბერს დააფიქსირებენ ცნობის მისაღებად განაცხადს, ასევე მოითხოვენ ცნობის თარგმნა/დამოწმებას, გარდა დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნისა,  დამზადებულ დოკუმენტს მიიღებენ 13 იანვრიდან.

იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 13 იანვარი.

აქვე გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ჯარიმის გასაჩივრების ბოლო დღე დაემთხვევა უქმე დღეს, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გასაჩივრების ვადით ისარგებლოს ბოლო უქმე დღის მომდევნო (პირველივე) სამუშაო დღეს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.